23 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
მამუკა ბახტაძე გაივლის კონსულტაციებს წინასწარ და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობაში ეკონომიკური გუნდის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა სწორედ ეკონომიკურ პრობლემებს და გამოწვევებს უკავშირდებოდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი განიხილებიან.

მმართველი გუნდის წევრების ნაწილი გიორგი ბაჩიაშვილს დადებითად აფასებენ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს კონსულტაციები, თუმცა, მათი დასახელება პრემიერმინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა.

„რა თქმა უნდა, მამუკა ბახტაძე გაივლის კონსულტაციებს წინასწარ და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგრამ მე დღეს კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე ვერ ვისაუბრებ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ახალმა მთავრობამ ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. აკაკი ზოიძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ამ დროისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი განიხილებიან. მაია ცქიტიშვილს კი ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ კულტურის და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძეც შეიცვლება. ასევე, ახალი ხელმძღვანელი ეყოლება საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ ეტაპზე ამერიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალმა პრემიერმა უნდა წარადგინოს. მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა ყოფილი მინისტრი, მამუკა ბახტაძე გუშინ დაასახელა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტთან უკვე გადაგზავნილია. პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ მთავრობის მომავალი წევრები და სამოქმედო პროგრამა პარლამენტს მამუკა ბახტაძემ ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

კენჭისყრამდე კი კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ კი პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელოს.

დღის ამბები