19 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
რუსულ ნომრიანი მანქანები პანკისის ხეობაში - კოლონაში სოფელ ომალოს რწმუნებული, რუსლან ალხანაშვილიც იმყოფებოდა

დაძაბული იყო ვითარება პანკისში, სადაც სპეცრაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. დაპირისპირება ხეობაში კადიროვის ფოტოებით რუსულ ნომრიანი მანქანების გამოჩენას მოჰყვა.

„კურიერმა“ მოიპოვა კადრები, თუ როგორ გადაადგილდებოდა ხეობაში კადიროვის ფოტოებით ავტომობილი.

ადგილობრივები სპეცრაზმის მობილიზებას კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხეობაში ინციდენტი იმ მასშტაბის არ იყო, რომ ასეთი მობილიზაცია გამოცხადებულიყო. ადგილობრივების თქმით, ეს იყო გარკვეული ძალების მიერ პროვოცირებული ღონისძიება.

კავკასიოლოგი, ალეკო კვახაძე აცხადებს, რომ დღევანდელი ქმედება რამზან კადიროვის რეჟიმის მხრის პროვოკაცია იყო.

მისი თქმით, კოლონაში მონაწილეობდნენ ძმები ალხანაშვილები. კვახაძის თქმით, რუსლან ალხანაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია სოფელ ომალოს ტერიტორულ ორგანოში.

„პროვოკაციის მიზანი იყო მოსახლეობის განწყობების მოსინჯვა, კბილის მოსინჯვა, ვინაიდან საჯარო აქტივობა კადიროვის ხალხის მხრიდან, ჯერჯერობით, პანკისის ხეობაში არ არის დაფიქსირებული. ვინც ამ კადიროვის მომხრეთა კოლონაში მონაწილეობდნენ, იყვნენ ძმები ალხანაშვილები და ერთ-ერთი მათგანი არის ახმეტის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, თუ არ ვცდები, სოფელ ომალოს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი. ეს ორმაგად საგანგაშოა, როდესაც ოფიციალური პირები საქართველოდან მონაწილეობენ იმ ადამიანის დაგეგმილ აქციებში, ვინც პირდაპირ უარყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა ალეკო კვახაძემ.

კონფლიქტი ადგილობრივებს შორის რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავმა მანქანამ გამოიწვია, რომელზეც ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული.

ადგილობრივების თქმით, მანქანებიდან სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.

ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები