19 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
ივანიშვილის ოჯახის როლი ბიზნესწილების გადანაწილების პროცესში - ბიზნესმენი ზვიად ქირია ხელს უჩა მამაცაშვილს ადებს

ბიზნესმენი ზვიად ქირია ამტკიცებს, რომ ბიზნესი ყოფილმა პარტნიორმა ხელისუფლებისა და გავლენიანი პირების დახმარებით წაართვა. მუყაოს ჭიქების ბიზნესი ქირიებმა ოჯახის ახლობელთან გიორგი ჩიტიასთან ერთად 2014 წელს დაიწყეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ პარტნიორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ზვიად ქირიამ, რომელიც ამტკიცებს, რომ „შპს იდეალ ქაფში“ 384 ათასი დოლარი ჩადო, თანხა უკან მოითხოვა, რის შემდეგაც პრობლემები დაიწყო. თანხის მიცემაზე ბიზნესმენს უარი უთხრეს. ქირია ყვება, რომ მოგვიანებით საქმეში გავლენიანი პირებიც ჩაერთვნენ. საქმის მოგვარებას სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მას ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, უჩა მამაცაშვილის შუამავალი სთავაზობდა.

მოლაპარაკება ქირიასა და მამაცაშვილს შორის არ შედგა. ე.წ. „დაკრიშვაში“ ფულის გადახდის ნაცვლად, შემდგარი საუბრის შესახებ ზვიად ქირიამ ინფორმაცია პროკურორს მიაწოდა და განუცხადა, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას აპირებდა. ამ საუბრიდან მეორე დღესვე ქირია დაზარალებულად სცნეს. ქირიას აზრით, საგამოძიებო უწყება უჩა მამაცაშვილის გვარის ხსენებას მოერიდა.

კიდევ ერთი გვარი, რომელსაც ზვიად ქირია ასახელებს, ეკონომიკის მინისტრია. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მუყაოს ჭიქების წარმოების მონოპოლია დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმას ეკუთვნის და ის უბრალოდ გზიდან მოიშორეს.

„იდეალ ქაფის“ საწარმოში შპს-ს წარმომადგენელმა „რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი არ შეუშვა და არც კითხვებზე გასცა პასუხი. კამერასთან გამოჩენა არ ისურვა არც კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიტიამ. მის ნაცვლად ყოფილი პარტნიორის ბრალდებებს ჩიტიას ადვოკატმა უპასუხა

გიორგი ჩიტიას ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. რაც შეეხება ზვიად ქირიას დაზარალებულად ცნობას, ეს გადაწყვტილება გამოძიებამ მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ბიზნესმენმა პროკურორები საჩივრებით შეაწუხა.

ამ ეტაპზე ქირიებს ადვოკატი არ ჰყავთ. მათ თქმით, რამდენიმე უფლებადამცველთან ურთიერთობა იმიტომ გაწყვიტეს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ადვოკატებს აშინებდნენ ან აშანტაჟებდნენ ან თანხის სანაცვლოდ, იბირებდნენ.

ქირიების ოჯახმა რამდენჯერმე იურიდიული კონსულტაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტებთანაც გაიარა. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ საქმის შესწავლა ძირეულად ვერ შეძლეს, თუმცა ის ინფორმაცია რომელსაც ზვიად ქირია და მისი მეუღლე ავრცელებენ, ძალოვანი უწყებების მხრიდან გამოძიების დაწყების საფუძველი ნამდვილად არის.

 

 

დღის ამბები