19 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
აქცია ოზურგეთში - ენმ-ის წევრის ცემის გამო საკრებულოს დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ 

აქცია ოზურგეთში - ენმ-ის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო აქციის მონაწილეები, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ.

ენმ-ის რამდენიმე ლიდერი ამ წუთებში საკრებულოს თავმჯდომარეს ხვდება. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯა. მათი თქმით, ბესო ქათამაძეს რამდენიმე დეპუტატი გაუსწორდა ფიზიკურად.

აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებენ, მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„შევიკრიბეთ და ვთხოვთ სამართალდამცავ უწყებებს და ხელისუფლებას, რომ დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც ასე ლაჩრულად, ტურებივით მომეპარნენ უკნიდან, მირტყამდნენ, თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, გამთიშეს და შემდეგ იძახიან, რომ ეს კი ვქენით, მაგრამ ვიღაც სხვისკენ იშვერენ ხელს, რომელიც დეპუტატი საერთოდ არ ყოფილა ამ პროცესში,“ - განაცხადა ქათამაძემ.

ოზურგეთში იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეც. ნიკა მელია ხელისუფლებას დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, რეალური თავდამსხმელები დროულად უნდა მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. 

„ყველა უკლებლივ უნდა იყვნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და მეორე, ამ ეტაპზე მათ უნდა შეუჩერდეთ დეპუტატის უფლებამოსილება და უახლოეს პერიოდში შეუწყდეთ საერთოდ. დეპუტატები, რომლებიც ოპონენტს თავში რკინას ურტყამენ, არაფერი არ ესაქმებათ საკრებულოში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოზურგეთში აქციის პარალელურად სპეცრაზმია მობილიზებული. ასევე, საკრებულოს და მერიის შენობებთან იმყოფებიან სამართალდამცავები.

გუშინ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ აროშიძეს ბესო ქათამაძეზე თავდასხმისთვის 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

დღის ამბები