16 აპრილი 2024,   22:54
ვრცლად
ეგზოტიკური გადაწყვეტილება - ოპოზიცია დროებითი მთავრობის ფორმირებას ეხმაურება

ძველი პროგრამით და ძველი სახეებით - პრემიერობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას ითხოვს.

გიორგი კვირიკაშვილის დროინდელი პროგრამა სახელწოდებით „თავისუფლება სწრაფი განვითარება“ დღეს პარლამენტში დარეგისტრირდა.

საქართველოს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დროებითი მთავრობა ეყოლება. ბახტაძე ამბობს, რომ სამინისტროებს 14-დან 11-მდე ამცირებს და დრო სჭირდება. რაც შეეხება მინისტრებს, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს, მათ ადგილებს მოადგილეები დაიკავებენ.

ცნობილია, რომ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილე, გენადი არველაძე, ფინანსთა მინისტრის კანდიდატურად კი მამუკა ბახტაძის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურად დავით ზალკალიანი დასახელდა.

ოპოზიციამ ბახტაძის მიერ წარდგენილ ტექნიკურ მთავრობაზე განმარტება ბიუროზე პარლამენტის თავმჯდომარეს მოსთხოვა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი აცხადებს, რომ დღეს ეგზოტიკური სიტუაციაა ხელისუფლებაში, როდესაც მთავრობის ფორმალური დამტკიცება ხდება.

„როდესაც არის მთავრობის დამტკიცება, ბუნებრივია, რომ ეს ერთ დღეში არ ხდება... უბრალოდ, მართლაც, რაღაცნაირ ეგზოტიკურ სიტუაციასთან გვაქს საქმე და ამ შემთხვევაში ერთი დღე კი არა, არც არის ცვლილება, რაღაც ფორმალური დამტკიცებაა, ფაქტობრივად, ძველი მთავრობის,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტარების საპასუხოდ განმარტა, რომ მთავრობის რეორგანიზაციას კანონში შესაბამისი ცვლილება სჭირდება, რასაც ერთ კვირაში ვერ მოასწრებდნენ.

„მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ერთკვირიანი ვადა აქვს პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის. ერთი კვირის განმავლობაში შეუძლებელია, ბუნებრივია, კანონში ცვლილებების შეტანა. იმისთვის, რომ განხორციელდეს მთავრობის რეორგანიზაცია, უნდა შევიდეს ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში, ამისთვის საჭიროა პროექტის შემუშავება, საჭიროა მთავრობის სხდომის ჩანიშვნა, ამ პროცედურების გავლა, შეუძლებელია, ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვიწევს სამკვირიანი თუ ოთხკვირიანი ინტერვალით ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები