25 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
შიმშილობის აქცია და ენმ-ს 4-დღიანი ულტიმატუმი - ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს აანონსებს

ოზურგეთის საკრებულოს სამმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას ვადას პარასკევამდე აძლევენ. მათი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის დანიშვნაა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერებაზე იმსჯელებენ.

საუბარია „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებზე, რომლებმაც საკრებულოს წევრ ბესო ქათამაძეზე ფიზიკურად იძალადეს. აქციის მონაწილეები საქმეზე  მუხლის გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვენ. როგორც ცნობილია  ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ამ დრომდე მხოლოდ ერთია ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას 4 დღიან ვადას აძლევს. 

შიმშილობის აქციის დაწყებამდე  ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ენმ-ს წევრები ოზურგეთის საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ამას კი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

„ენმ-ს ყველა დეპუტატმა, ზუსტად იქ, სადაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ ზონდერები გამოაცხადეს შიმშილობა. პარალელურად რა თქმა უნდა გაიმართება აქციები და მათშორის დიდი აქცია დაანონსდება პარასკევს, დღის განმავლობაში. სანამ არ აიძულებს საზოგადოება და მე იმედი მაქვს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური პარტია გვერდში დაუდგება  ბიჭებს, რომლებიც გახდნენ მსხვერპლნი თავდასხმისა, ეს საპროტესტო აქციები არ მინავლდება,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი მომხდარს ენმ-ს მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებს. თუმცა ის ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ძალადობას გმობს.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები