19 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი და ტატუნაშვილის საქმე - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იწყება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები დღეს იწყება. ქართული მხარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით უკვე შვეიცარიაში იმყოფება.

წინა შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა არ გამორიცხა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი შეიცვალოს, რასაც გამორიცხავს ქართული მხარე.

დისკუსიის მონაწილეები შეხვედრების დროს ძალის გამოუყენებლობის ტექსტზე იმსჯელებენ, რადგან წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა.

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხსაც დააყენებს.

„პროგრესი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით არ გვაქვს. არ გვაქვს იმიტომ, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ამიტომ ამ რაუნდზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. ასევე არჩილ ტატუნაშვილის საქმე. ეს საკითხი იქნება განხილული მანამ, სანამ არ აღდგება მართლმსაჯულება, სანამ არ დაისჯებიან ის პირები, რომლებიც დამნაშავეები არიან,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ.

დღის ამბები