25 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
მთავრობის ახალი შემადგენლობა - მინისტრების ნაწილი თანამდებობის გარეშე რჩება 

დროებითი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონზე მუშაობა უნდა დაიწყოს.

„კურიერის“ ინფორმაციით, უქმდება სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება.

მინისტრის პორტფელის გარეშე რჩება სოზარ სუბარი. დევნილთა სამინისტრო ორად იყოფა. მის ფუნქციებს ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები შეითავსებენ. კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება.

ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებარება.

„კონსტიტუციური მოთხოვნის შესაბამისად პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ვალდებულია, მიმდინარე კვირას წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა, სწორედ ამიტომ მოხდება ჯერ არსებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, შემდეგ განხორციელდება კანონში ცვლილებები შემდეგ უკვე საბოლოო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მოხდება“ – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.

პარლამენტი დღეს გარდამავალი მთავრობის შემადგენლობის მოსმენას იწყებს. 10:00 საათიდან საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებული სხდომები იწყება.

თავდაპირველად დეპუტატები ეკონომიკური ბლოკის, ასევე ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. ამის შემდეგ კი ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვანი მინისტრობის კანდიდატები მივლენ.

ტექნიკური მთავრობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხვალ რიგგარეშე სხდომაზე ნდობას გამოუცხადებს, მხოლოდ 3 კვირა იმუშავებს.

დღის ამბები