მართლმსაჯულების სიტემის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ “Amnesty International”-ის განცხადებას დეპუტატები აფასებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.
რაც შეეხება ხორავას ქუჩის მკვლელობასა და პანკისის სპეცოპერაციას, რომელთა ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზეც მიუთითებს ორგანიზაცია, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გამოძიება არ დასრულებულა და ყველა შედეგებს უნდა დაელოდოს.
„რეფორმის გაგრძელების მზაობა აქვს ხელისუფლების სამივე შტოს , სასამართლოს, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ერს პროცესი იქნება ბოლომდე მიყვანილი, მე მჯერა, რომ ხელისუფლების სამივე შტო საზოგადოებასთან ერთად იქნება ძალიან აქტიური , რომ ეს რეფორმა მივიდეს ბოლომდე“- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
საპარლამენტო ოპოზიცია კი სრულად იზიარებს წამყვანი ორგანიზაციის მოსაზრებებს და ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორების შესახებ გაცემულ დაპირებას ახსენებს.
„მათ დაიმორჩილეს ეს სისტემა პოლიტიკური დევნისთვის, სამართალს შენ ამ ქვეყანაში ვერ იპოვი და მთელი სისტემური ჯაჭვია, რომელიც გიპირისპირდება და ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის კრახი მართლმსაჯულების სისტემის“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია.
AMNESTY INTERNATIONAL პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უნდა გახდეს, პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად, დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის ჩათვლით.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამთავრობო ცვლილებებს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელიც გამოწვეული იყო დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებით და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით. AMNESTY INTERNATIONAL-ის შეფასებით, სასამართლო პროცესმა გამოააშკარავა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ უნდობლობა და მისი მუშაობის არაეფექტურობა.