19 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
"თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთი ვერ შეიჭრება ალიანსის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე" - ამანდა პოლი

100 წელი საქართველოს სახელმწიფოდან, შეწყვეტილი ისტორია - ამ თემის განხილვას მიეძღვნა ბრიუსელში, ეგმონტის ინსტიტუტში გამართული კონფერენცია.

ექსპერტები, პოლიტოლოგები და დეპუტატები საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, რუსეთის როგორც ევროპულ გზაზე საქართველოს ხელისშემშლელ ფაქტორსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე მსჯელობდნენ.

კონფერენციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების გატარება .

"საქართველო მრავალი თვალსაზრისით ევროპული ქვეყანაა. მაგრამ საჭიროა ამის მტკიცების გაგრძელება და ხაზგასმა, რომ ის რაც ხდება საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია ევროპისთვის. ჩვენ ეს დავინახეთ არა მხოლოდ 1918-1921 წლებში, არამედ 2008 წელსაც. ვთვლი რომ რეზოლუცია, რომელსაც გასულ კვირას ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი, ნიშანია იმისა, რომ საქართველში მიმდინარე მოვლენები, მათი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული რეზონანსი მნიშვნელოვანია დანარჩენი ევროპისთვის,"-აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი კლერ მუდი.

”ევროპული პოლიტიკის ცენტრის" ანალიტიკოსი ამანდა პოლი კი აცხადებს, რომ სანქციების დაწესების მიუხედავად რუსეთის პოლიტიკა რეგიონში არ შეცვლილა.

მისი განცხადებით, თუკი საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთი ვერ შეიჭრება ალიანსის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე.


"ვფიქრობ რუსეთი გააგრძელებს იმ პოლიტიკას რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა. საქმე მხოლოდ პრეზიდენტ პუტინში არ არის. გაცილებით ადრეც, რუსეთი ეწინააღმდეგებოდა გავლენის სფეროების დაკარგვას. დასავლეთზეა დამოკიდებული მიეცემა თუ არა კრემლს მსგავსი პოლიტიკის გაგრძელების საშუალება. ჩვენ უნდა გვქონდეს გაცილებით ძლიერი და ერთიანი მიდგომა კრემლის მიმართ. რუსეთს სანქციები უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო დაუწესდა , მაგრამ მიუხედავად ამისა რუსეთის პოლიტიკა რეგიონში არ შეცვლილა. პირადად მე მჯერა, რომ თუკი საქართველო ხვალ ნატოს წევრი გახდება , რუსეთი ვერ შეიჭრება ალიანსის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს კოლექტიური თავდაცვის არსია" - განაცხადა ამანდა პოლიმ.

დღის ამბები