26 აპრილი 2024,   00:51
ვრცლად
მინისტრები პარლამენტში - ოპოზიციას მთავარი კითხვები თეა წულუკიანთან აქვს

დროებით მთავრობას დეპუტატები საკანონდებლო ორგანოში დღეს დილიდან უსმენენ. საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე ძალოვანი მინისტრები პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან. შეხვედრა დაახლოებით, საათ-ნახევარია მიმდინარეობს.

ოპოზიცია ამბობს, რომ დროებითი მთავრობა არის მორიგი შოუ, რომლითაც ხელისულება ცდილობს, რომ საზოგადოებას ცვლილებების შესახებ დააჯერონ.

„ეს არის მორიგი შოუ, რომ საზოგადოებას დააჯერონ გარკვეული ცვლილებების შესახებ. ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილების ერთადერთი აზრი და დანიშნულება უნდა იყოს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება. იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული არაერთი უშედეგო რეფორმის შემდეგ სასამართლო რჩება უაღრესად არადამოუკიდებელი, პოლიტიზირებული, შეინიშნება კორუფციის ნიშნები. სერიოზული პრობლემები გვაქვს პროკურატურაში. ქვეყანაში გაიზარდა კრიმინალის რაოდენობა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.  

ოპოზიციას ძირითადი შეკითხვები თეა წულუკიანთან აქვს, რადგან ოპონენტების შეფასებით, მან მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმები ვერ განახორციელა. ოპოზიციის წევრებს შეკითხვები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთანაც ექნებათ.

„მთავარი შეკითხვა არის ქალბატონ წულუკიანთან, რომელიც დღეს გვევლინება მმართველად იმ მართლმსაჯულების სისტემის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს ამ ქვეყენაში პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მის გადაყენებას ითხოვს სრულიად პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მოქალაქეები და გვაინტერესებს ქალბატონი წულუკიანი აპირებს თუ არა, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს თუ აპირებს რომ დატოვოს საკუთარი თანამდებობა. შეკითხვები გვექნება სუს-ის საქმიანობასთან, იმიტომ, რომ რამდენიმე კვირაა, დაგროვდა მრავალი გამოუძიებელი ფაქტი, როგორ ახორციელებს სუს-ი დევნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები