19 აპრილი 2024,   22:48
ვრცლად
ივანიშვილის ხეების გადატანით მიყენებული ზიანი - ოპოზიცია ლევან დავითაშვილისგან პასუხებს ითხოვს

ცხარე დებატებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ.

„ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კრიტიკა ისმოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მიმართ. ოპოზიცია დაინტერესდა, რამდენად კანონიერად ხდება ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანა.

დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, რამდენად კანონიერად ხდება ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიიდან შეკვეთილში ხეების ტრანსპორტირება.

ბოკუჩავამ მუხაესტატეში ივანიშვილის ხის გადატანის დროს პოლიციელის მკვლელობის ფაქტიც გაიხსენა.

„რა ეკოლოგიური ზიანი ადგება ჩვენს ქვეყანას იმ საქმიანობით, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს და ამისთვის იყენებს მთელ ადგილობრივ რესურს, მათ შორის პოლიციის რესურს - არ შემიძლია აქ არ აღვნიშნო ის შემზარავი ფაქტი რაც მოხდა, როდესაც პოლიციელი გარდაიცვალა, იმ დროს როცა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანა, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიხოცოს, კიდევ რამდენი ელექტროგამტარი მილი უნდა გაფუჭდეს, რომ თქვენ ამოიღოთ ხმა?“- მიმართა ბოკუჩავამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს.

ლევან დავითაშვილმა თინათინ ბოკუჩავა ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ივანიშვილის ხეების გადატანა მოსახლეობასთან შეთანხმებით ხდება და არანაირი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე არ არსებობს.

„გადატანის დროს არ ყოფილა არანაირი გარდაცვალების შემთხვევა და დანარჩენი ფაქტებიც, რომელიც ვითომდა უკავშირდება ეკოლოგიურ კატასტროფას, ეს ასე არ არის. ამასთან დაკავშირებით თქვენი კონტროლირებადი მედია საშუალებებით იყო გასული, რომ ხდებოდა ვითომდა ხეების მოჭრა და ხშირ შემთხვევაში აჩვენებდნენ საკარმიდამო ნაკვეთებს, როცა მოსახლეობა თავად იყო მომხრე რომ ხეები გაესხვისებინათ, ეს იყო წარმოჩენილი სხვანაირად“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრთა კაბინეტს პარლამენტში დაჩქარებული წესით უსმენენ. მთავრობის პროგრამის განხილვა დეპუტატებმა, რეკორდულად მოკლე დროში ერთ დღეში უნდა მოასწრონ- საკომიტეტო მოსმენები ერთმანეთის პარალელურად იმართება, რის გამოც ოპოზიცია ყველა მინისტრისთვის შეკითხვების დასმას ვერ ასწრებ, რაც ასევე მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

სამი კვირის განმავლობაში მინისტრის მოვალეობას მინისტრის მოადგილეები შეასრულებენ. თანამდებობები დატოვეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომლის მოვალეობასაც გიორგი ჩერქეზიშვილი შეასრულებს. 

ასევე თანამდებობიდან წავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელსაც მისი მოადგილე დავით ზალკალიანი შეცვლის. ფინანსთა მინისტრი თანამდებობას კი სამი კვირით ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს. 

სამი კვირის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე, განახლებულ - მცირე მთავრობას წარადგენს. სამინისტროების რაოდენობის შემცირება 14-დან 11-მდე იგეგმება. 

დღის ამბები