18 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
დროებითი მთავრობის ფორმირება - ოპოზიციის და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა მწვავე კითხვების და კამათის ფონზე წარიმართა

დროებითი მთავრობის ფორმირება - ოპოზიცია დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატს და მთავრობის წევრობის მომავალ კანდიდატებს შეხვდნენ.

დღეს ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრს ყველა იმ პოლიციელის გვარები და ფოტოსურათები გადასცა, ვინც რუსთაველის გამზირიდან გასულ კვირას მის უშუალო გატაცებაში მონაწილეობდა. ნიკა მელია ამბობს, რომ პოლიციის ათმა მაღალჩინოსანმა ის სწორედ გიორგი გახარიას დაკვეთით გაიტაცა.

ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ საქმეზე როგორც უშუალო შემსრულებლების, ასევე გიორგი გახარიას პასუხიმგებლობის საკითხიც დადგეს.

დღეს ნიკა მელია განმარტებას იმაზეც ითხოვდა, თუ რატომ არ მოხდა 6 თვის განმავლობაში ხორავას სისხლიანი გარჩევის საქმის დროული გამოძიება. გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩის საქმეზე ოპოზიციას დარბაზში არ უპასუხა.

ენმ-ის წევრებს კითხვები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთანაც ჰქონდათ.

მამუკა ბახტაძეს ერთ-ერთი პირველი შეკითხვა იმ შემოწირულობასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც მამუკა ბახტაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გააკეთა.

კიდევ ერთი მინისტრობის კანდიდატი, რომელზეც პარტიამ შეკითხვა დასვა, დავით ზალკალიანი იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს 2014 წელს დავით ზალკალიანის გაკეთებული განცხადება შეახსენა. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაშინ აცხადებდა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ხმაურიანი შეხვედრა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ნაციონალური მოძრაობა არც დროებით და არც 3 კვირის შემდეგ ხელახლა წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.

დღის ამბები