25 აპრილი 2024,   02:02
ვრცლად
ეს არის „თავისმართლების პროგრამა“ - ფიქრია ჩიხრაძე ახალ მთავრობაზე

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე, სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს არჩევანის ეთერში ეხმაურება.

ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის განცხადება გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანას პრემიერად ის ადამიანი უნდა ჰყავდეს, ვინც გადაწყვეტილებას რეალურად იღებს.

„იქ ლაპარაკი იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილზე და მის, ასე ვთქვათ, დაბრუნებაზე კონკრეტულ თანამდებობაზე იმიტომ, რომ ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიმღები ის გახლავთ,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც პრემიერის თანამდებობიდან დატოვებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის მიდის, რათა ივანიშვილმა დააკომპლექტოს სამთავრობო გუნდი.

„მინისტრთა კაბინეტს აკომპლექტებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ასე იყო წინა პირობებში, ასე არის დღესაც ანუ გადაწყვეტილებები მიიღება სხვაგან, პასუხისმგებლები მერე ხდებიან სხვა ადამიანები სხვაგან მიღებულ გადაწყვეტილებებზე,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტში პრემიერობის კანდიდატის გეგმასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის „თავისმართლების პროგრამა“, რადგან მთავრობა საზოგადოების რეალურ პრობლემებზე არ რეაგირებს.

ჩიხრაძის თქმით, მმართველი გუნდი ეკონომიკურ პრობლემაზე მხოლოდ იმიტომ საუბრობს, რომ კვირიკაშვილის წასვლა ამით ახსნან.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მამუკა ბახტაძე გადაწყვეტილების მიმღები არ იქნება და ისევ ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებებს.

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი მმართველ  გუნდს ღიაობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა მოუსმინოს, ასევე აუხსნას, რატომ იცვლება მთავრობის შემადგენლობა და რა საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები.

დღის ამბები