დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მუშაობის პრინციპზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მშენებლობების ნებართვების გაცემის ვადებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. მერიაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სამსახურმა დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღოს.
„არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული სამსახური. ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, გვაქვს პრობლემები, რადგან ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროინდელი, რომელიც ჯერ არ განხილულა. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს ურბანული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ყველა ჩამორჩენილ ად პრობლემურს საკითხს გაეცით პასუხი და ასევე შეიქმნა პარალელურად სისტემა, რომელიც გამართულად და უპრობლემოდ იმუშავებს,“- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში გაცემული ნებართვები არ გადაიხედება.
„მიზანი არის ის, რომ ურბანული განვითარების სამსახურში მიიღებოდეს ხარისხიანი გადაწყვეტილებები, რომელიც დედაქალაქს წაადგება და მეორე მხრივ, ეს გადაწვეტილებები მიიღება დადგენილ ვადებში, რომ ხელი არ შეეშალოს ბიზნესსექტორს და ეკონომიკურ საქმიანობას. აქამდე რა ნებართვებიც გავეცით, კახა კალაძის მერად მოსვლის შემდეგ, გადახედვას არ საჭიროებს. ეს საკითხი არც განიხილება. მანამდე გაცემულ ნებართვებს კი ვერ გადავხედავთ, თუ არ მოხდა კონკრეტული საჩივრის წარმოდგენა, თუ არ დაფიქსირდა კანონის დარღვევა,“- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.