20 ივნისი 2019,   18:19
ვრცლად
პოლიტიზირებული სუს-ი და ბახტაძის მიერ დაფინანსებული ენმ - პრემიერობის კანდიდატმა ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს უპასუხა

პარლამენტი დროებითი მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება. დეპუტატების კითხვებს პრემიერობის კანდიდატი პასუხობს.

მას შემდეგ, რაც პრემიერობის კანდიდატმა საკმაოდ ხანგრძლივი მიმართვა დაასრულა და კანონმდებლებს სამთავრობო გეგმა გააცნო, მამუკა ბახტაძეს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთი კითხვით მიმართეს. 

დეპუტატების კითხვები ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას, სამართლებრივ საკითხებსა და უშუალოდ მამუკა ბახტაძის წარსულ საქმიანობას ეხებოდა.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ბახტაძეს 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების შესახებ ჰკითხა, მისი კითხვა ასევე შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურის საქმინობას, რომელსაც მმართველი გუნდი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

„სუს-ი, სავარაუდოდ, უსმენს ყველა ჩვენთაგანს ვინც შეკრებილი ვართ ამ დარბაზში, იმიტომ რომ სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. რა არის თქვენი ხედვა ამ სამსახურის რეფორმის თვალსაზრისით.

გუშინ თქვენ დაადასტურეთ, რომ მიიღეთ მონაწილება თაღლითურ სქემაში, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას არსებული კანონის გვერდის ავლით და შესაძლოა, ასევე მიიღეთ მონაწილეობა, სავარაუდოდ  უკანონო შემოსავლების გათეთრების სქემაში. მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა ასევე მძიმე დანაშაულში, რომელიც ისჯება სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით და გვაინტერესებს, ითანამშრომლებთ თუ არა გამოძიებასთან“- მიმართა სამადაშვილმა ბახტაძეს.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოში მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ის საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საკმაოდ ეფექტურად.

„აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მექანიზმები უნდა იყოს პრევენციის წყარო იმისა, რაზეც თქვენ აღნიშნეთ, რომ ვითომ არსებობს“- უპასუხა ბახტაძემ სამადაშვილის პირველ კითხვას.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებას, ბახტაძე კიდევ ერთხელ განმარტავს რატომ დააფინანსა 2012 წელს ხელისუფლებაში მყოფი პარტია.

“ტექნიკურად მოხდა გამოყენება ფიზიკური პირების ანგარიშების და ასეთი არის 30 ათას ადამიანზე მეტი. შესაბამისად, თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა მაშინ, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?“-განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები