26 ივნისი 2019,   09:06
ვრცლად
ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა „ბასიანით“ და არც დამთავრდება - გიორგი გახარია

თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია და გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებებით ახალგაზრდების მოწამვლა - ამ საკითხებზე პასუხის გაცემა დღეს შს მინისტრს მოუწია. 

"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ანა სუბელიანის კითხვა გაახმოვანა. ხოშტარიამ 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მოითხოვა განმარტებები. 

გიორგი გახარიას თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრს იმუშავებს, რათა ნარკოტიკებთან ბრძოლა ეფექტური იყოს.  

„ვთვლით, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დღეის მდგომარეობით. ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა არც „ბასიანით“ და არც დამთავრდება „ბასიანით“. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ იარსებებს დახურული სივრცეები, მაშინ როდესაც საკითხი ეხება ნარკოტიკებს და ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სახის ნარკოტიკებთან ბრძოლა იყოს ეფექტური. თუმცა, რა თქმა უნდა, ნარკოტრაფიკი და ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ტრანსსასაზღვრო პრობლემა, ამიტომ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორები ბევრს გვეხმარებიან ამ მიმართულებით. რა თქმა, ამ მიმართულებით ერთად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად, განსაკუთრებით, ახალ ნარკოტიკების გამოჩენასთან ნაწილში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა არ შეიძლება იყოს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი. გახარია იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაში პარლამენტი მხარს დაუჭერს.  

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. პარლამენტმა დღეს ტექნიკური მთავრობა უნდა დაამტკიცოს. 

დროებითი მთავრობა სამი კვირის განმავლობაში იმუშავებს. სამი კვირის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ახალ, შემცირებულ გუნდს წარადგენს. მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით 14 სამინისტრო 11-მდე მცირდება. 

დღის ამბები