17 სექტემბერი 2019,   15:32
ვრცლად
პატრიარქის მოსაყდრის ლეგიტიმაციის საკითხი - მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე 

შვიდთვიანი პაუზის შემდეგ ხვალ სინოდის სხდომა გაიმართება. სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მან საკუთარი ეპარქიის მღვდელმთავრებთან საპატრიარქოში შექმნილი კრიზისი და პატრიარქის მოსაყდრის - მეუფე შიოს ლეგიტიმაციის საკითხი განიხილა.

„მას შემდეგ, რაც დასახელებულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, ეკლესია აღმოჩნდა უჩვეულო მოლოდინის რეჟიმში. ამის ლოგიკური გაგრძელებაა კულუარული თუ მედიასივრცეში გამართული საუბრები და ინტერპრეტაციები იმის შესახებ თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, როგორია სინოდში ძალთა გადანაწილება,“ - აცხადებს მეუფე გრიგოლი.

თეოლოგები ხვალინდელი სხდომის შედეგებზე საუბრობენ. მათი აზრით, ხვალ სინოდის სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ. თეოლოგების შეფასებით, ხვალ სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, ჩამოართმევენ თუ არა მეუფე შიოს მოსაყდრის სტატუსს.

„მის გადაწყვეტილებაში არის შეფარული თუ ნაკლებად შეფარული კრიტიკა, რომ საპატრიარქოში გადაწყვეტილების მიღება ხდება არა სინოდის კრების საფუძველზე, არამედ უფრო ცალმხრივად ად ერთპიროვნულად. შესაძლოა, ეს საკითხი და უკრაინის საკითხიც აქ ხაზგასმულია, რომ სასურველია, რომ მსჯელობა იყოს,“- განაცხადა თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ.

თეოლოგების თქმით, ხვალინდელი სინოდის სხდომა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე იქნება. სპეციალისტების შეფასებით, ეკლესიის წინაშე დიდი კრიზისია. 

„საეკლესიო კრიზისი, რომელიც ამ წუთას გვაქვს და ამან სათავე ციანიდის საქმიდან აიღო, უმნიშვნელოვანესია. წინა სხდომაზე განხილული იქნა ეს საკითხი და კომისიაც უნდა შექმნილიყო, შესაბამისად, სინოდს აქვს ვალდებულება, ეს საკითხიც მოისმინოს. ვვარაუდობ, რომ ცალკეულმა მღვდელმთავრებმა დააყენონ ესა თუ ის საკითხი, მაგრამ ეს იქნება, ალბათ, ყველაზე რეგრესული სხდომა. სინოდს მოუწევს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ვისურვებდი, ხვალვე სინოდმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას მნიშვნელოვანი დიდი კომისია, რომ  მართვა-გამგეობის დებულება შეიქმნას და ის არსებულ რეალობებს მოერგო. სინოდი შეეცდება, თავი აარიდოს უმტკივნეულოდ და უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც ქართული ეკლესიის წინაშე დღეს დგას,“- განაცხადა ჟურნალისტმა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორმა, გოჩა მირცხულავამ.

დღის ამბები