20 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
პროკურორის არჩევის ახალი წესი - "ეროვნული პლატფორმა" პარლამენტს კანონპროექტით მიმართავს

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები პარლამენტს ალტერნატიული კანონპროექტს სთავაზობენ, რომელიც მთავარი პროკურორის ახალი წესით არჩევას ითვალისწინებს. პლატფორმაში შემავალ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის დღეს მოქმედი წესი ვერ გამორიცხავს პროცესზე ხელისუფლების გავლენას, რადგან შესარჩევ კომისიაში საბოლოო გადაწვეტილება სწორედ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ეროვნული პლატფორმა მმართველ გუნდს სთავაზობს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევაში არ მიიღოს მონაწილეობა იუსტიციის მინისტრმა. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 8 კანდიდატი დეპუტატებმა უნდა წარადგინონ,  5 პროკურორების კონფერენციამ, 2 კი სახალხო დამცველმა.

„ეს სისტემა არის გახრწნილი და ცუდი სისტემით კარგი პროკურორის არჩევა ვერ მოხდება. არის ილუზია, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნებ ცუდი სისტემით  ავირჩიოთ კარგი მთავარი პროკურორი. ეს იქნება სერიოზული შეცდომა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. პარლამენტმა უნდა შეაჩეროს პროცესი, შეცვალოს სისტემა და შეცვლილი სისტემით აირჩიოს მთავარი პროკურორი,“-განაცხადა ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.

რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ დღეს მთავარი გამოწვევა რიგითი მოქალაქეების მხრიდან სამართლიანობის განცდის მოთხოვნაა. ნათია კუპრაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურების არსებობდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საგამოძიებო სტრუქტურების დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი გამოძიების არსებობა ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლებისგან,"-განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

”შენების მოძრაობის” წევრი ვახტანგ ხმალაძე კი ხელისუფლებას მოუწოდებს შეიმუშაოს მთავარი პროკურორის არჩევის ისეთი წესი, რომ მინიმალური იყოს ამ საკითხზე პოლიტიკური გავლენები. წინააღმდეგ შემთხვევაში ხმალაძე პროგნოზირებს, რომ ეს ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახლავე იყოს მთავარი პროკურორის არჩევის ისეთი წესი, რომელშიც მინიმიზირებული იქნება პოლიტიკური გავლენები. თუ დღევანდელ მმართველ პარტიაში არ გაქრა თვითგადარჩენის ინსტინქტი, მაშინ მათ ეს უნდა გააკეთონ თორემ კატასტროფით დაასრულებენ ყველაფერს,“-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

დღის ამბები