24 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
პოლიციელების მხრიდან ზეწოლა და შევიწროება - 62 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და მუცელში დანა ჩაირტყა

62 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და მუცელში დანა ჩაირტყა. სერგო ხასოევი ამის მიზეზად პოლიციელების მხრიდან მუდმივ ზეწოლასა და შევიწროებას ასახელებს.

მამაკაცი „კურიერთან“ საუბარში ბოლო ინციდენტს იხსენებს, როდესაც ის პოლიციელებმა უკანონოდ დააკავეს და სასტიკად სცემეს. 7 ივნისს უფასო სასადილოში მიდიოდა, როდესაც ავტობუსის გაჩერებასთან სამართალდამცველები მივიდნენ და პირადობის მოწმობა მოსთხოვეს, მანქანაში ჩასვეს და სცემეს. 

მისი განცხადებით, ის არის ნასამართლევი, ქურდობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს და 2016 წელს საპატიმრო დატოვა, რის შემდეგაც მისი თქმით, პოლიციის მხრიდან ზეწოლას განიცდის. 

სერგო ხასოევის თქმით, ინციდენტის შემდეგ კრწანისის განყოფილების პოლიციელების მხრიდან შევიწროება არ შეწყვეტილა, რის შემდეგაც მან ემოციურ ნიადაგზე თვითმკვლელობა სცადა.

„მოდის ორი ბიჭი და მეუბნება თქვენი საბუთი, მე მივაწოდე, მერე ვიღაცას გადაურეკა, ვუთხარი მომეცი საბუთი და არაო, წამოდიო, ჩამაგდეს მანქანაში, სადაც მცემეს, თავში მირტყეს,“- განაცხადა ხასოევმა.

სერგო ხასოევთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ მასთან შსს-ის წარომადგენლები მივიდნენ და მამაკაცის დაკითხვა გადაწყვიტეს, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაადმოწმების მიზნით, სერგო ხასოევი პოლიციელებმა ქუჩაში გააჩერეს და მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს, თუმცა საბუთი მამაკაცს არ აღმოაჩნდა, მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ხასოევის მიმართ საქმე აღიძრა. 

სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე პროკურატურა მუშაობს. მასალები საგამოძიებო უწყებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გადაუგზავნა.

შსს-მ სერგო ხასოევის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმე აღძრა.

დღის ამბები