20 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
ენმ-ს პროტესტი - ოზურგეთის საკრებულოსთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული 

ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ულტიმატუმის ვადა, რომელიც ოპოზიციამ ოზურგეთის საკრებულოს მათი მოთხოვნების შესასრულებლად განუსაზღვრა, უკვე ამოიწურა. ენმ-ის ინფორმაციით, მათი არცერთი მოთხოვნა საკრებულომ არ დააკმაყოფილა.

მათი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯოს ყველა ის დეპუტატი, რომელმაც ბესო ქათამაძეზე ფიზიკურად იძალადა.

დღეს 15:00 საათზე ოპოზიცია გეგმავს საპროტესტო აქციას, სადაც კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ.

საკრებულოს შენობასთან მე-5 დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შიმშილობენ და მათი კოლეგის, ბესო ქათამაძის ცემაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესიკ ქათამაძე აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხოლოდ ერთი პირი არ მონაწილეობდა. ის სხვა პირების დასჯასაც ითხოვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე არ ნიშნავს და სწორედ ამიტომ აგრძელებენ შიმშილობას. რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ძალადობაში მონაწილე პირებისთვის მანდატების გაუქმების საკითხის დაყენებას გეგმავენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჭუმელიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აცხადებს, რომ მოვლენების განვითარებას ელოდება.

„შსს-მ დაიწყო გამოძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა ერთ-ერთ პირს გირაო, შესაბამისად, ახლა მიდის პროცედურა კანონის დაცვით და უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,“ - განაცხადა გიორგი ღურჭუმელიძემ.

შეგახსენებთ, ბესო ქათამაძეს საკრებულოს თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ წვერებმა შიმშილობა დაიწყეს.

ოპოზიცია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რადიკალური ზომების მიღებით იმუქრება.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები