არასამთავრობო სექტორში წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ეხმაურებიან, სადაც ეკლესია საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგაც ილაშქრებს და მთელი რიგი რეპრესიული მიდგომების ძალაში დატოვებას ითხოვს.
სინოდის განჩინებაში ნათქვამია, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და, მათ შორის, მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, ხელს შეუწყობს სასიკვდილო ცოდვის პროპაგანდას.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარეს უჭირს პროგნოზის გაკეთება - იქონიებს თუ არა გავლენას საპატრიარქოს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა, სულხან სალაძე აცხადებს, რომ საკმაოდ მალე გაირკვევა მოახდენს თუ არა საპატრიარქოს განცხადება დეპუტატებზე გავლენას.
სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე არ უნდა მოახდინოს საპატრიაქროს განცხადებებმა გავლენა.
„თავად სასამართლო უნდა ამოდიოდეს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერებიდან და ის არ უნდა ექცეოდეს რომელიმე თუნდაც, გავლენიანი ჯგუფის ან კონფესიის მოსაზრების ქვეშ და ის, პირველი, რასაც უნდა უყურებდეს არის თავად კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერები,“ - განაცხადა სალაძემ.
სინოდის სხდომის განჩინებაში ასევე, აღნიშნულია, რომ შესაძლოა ნარკოტიკული ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს ეკლესიური წესი აღარ აუგონ.