19 აპრილი 2024,   23:29
ვრცლად
პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანეს ჩემი შვილის ვითარება... ერთხელაც არ გქონიათ სურვილი, რომ შემხვედროდით - სარალიძე ბესელიას 

მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. სარალიძე კომისიაში ეკა ბესელია ყოფნას აპროტესტებდა. სხდომაზე დასასწრებად ბესელია მოგვიანებით მივიდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა სარალიძემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანეს ჩემი შვილის ვითარება და პირდაპირ დამადანაშაულა, როგორც ქალბატონმა ეკამ, ისე ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ ვიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი უფლება, რომ ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს.

ზუსტად ამაზე მქონდა ძალიან უხეში საუბარი ზვიად ფხაკაძესთან, ფაქტობრივად, პირდაპირ ვაგინებდი: პროკურატურა რატომ ამბობს იმას, რომ მე მივეცი ვიღაცას საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირების,“- განაცხადა სარალიძემ.

სარალიძემ ეკა ბესელიას ჰკითხა, რატომ არ დაინტერესდა არც ის და არც მმართველი გუნდის წევრები მასთან შეხვედრით, მაშინ როცა ექვსი თვის განმავლობაში შვილმოკლული მამა მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა.

„ქალბატონო ეკა, ძალიან სამწუხაროა, ფაქტობრივად ტელევიზიებით გვიწევს ჩვენ ურთიერთობა. როდესაც თქვენზე განაწყენება გამოვთქვი, ერთხელაც არ გქონიათ იმის სურვილი, რომ შემხვედროდით და პირადად მეთქვა, რაზე გავნაწყენდი.

დღესაც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს ჩემი თანხმობის გარეშე ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, თუმცა მე თვითონაც ძალიან კარგად ვხედავ ყველაფერს. ვიღაც ვიღაცეები რაღაცას აპირებენ, ვიღაცას რაღაც აინტერესებს. მაგრამ ერთ მთავარ კითხვას დავსვამ - როდესაც მმართველ გუნდს ვეხვეწე, შემხვდით და მომისმინეთ-მეთქი, რატომ არ შემხვდა?

თუნდაც, როდესაც ბატონ გიორგი გახარიას მივმართე ტელევიზიით, რატომ არ შემხვდა? რატომ ფიქრობთ, რომ მე მაინცდამაინც „ნაციონალებს" მივეცი რაღაცის უფლება.  პირველ ეტაპზე პროკურორებს ვეხვეწე, ძალოვან უწყებას ვეხვეწე. მმართველი გუნდის წარმომადგენელია, ხომ გიორგი გახარია? ვეხვეწე შემხვდით და მომისმინეთთქო, არაფრად ჩამაგდო. რატომ გგონიათ ახლა, რომ პოლიტიკური პარტიები დგანან ჩემს ზურგს უკან?,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღის ამბები