20 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
"მერაბიშვილის გაყვანის საქმეზე ინფორმაციას ფლობს სუბელიანი...მისი შვილი რაღაც მუხლით მაინც არის დამნაშავე..."- სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე დღეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.

მან დეტალურად ისაუბრა, როგორც მკვლელობის დეტალებზე ასევე მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.

სარალიძის თქმით, გამოძიების მიმდინარეობისას, ნათელი იყო, რომ  პროკურატურა სრულად ითვალისწინებდა მირზა სუბელიანის ინტერესებს. სარალიძე ამბობს, რომ ამის მიზეზი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე სუბელიანის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო.

"რაღაც მუხლით მაინც არის დამნაშავე მირზა სუბელიანის შვილი, თუნდაც ხულიგნობა, თუნდაც ორგანიზატორობა. პლუს ამას მირზა სუბელიანის ცოლის დისშვილი ერთვება ამ საქმეში, რომელიც მკვლელია ჩემი შვილის, ამას ვერავინ გადამარწმუნებს უკვე დარწმუნებული ვარ. 

მაქსიმალურად ეცადა მირზა სუბელიანი, რომ სხვა გზით წასულიყო ეს გამოძიება. რასაც პირდაპირ ადასტურებს ის ფაქტები, რომ ბატონი გიორგი გახარია როცა მიმტკიცებს დღეს, რომ ჩემი უწყება გამოიძიებსო, მისმა უწყებამ პირველად დაიწყო ამ საქმის გაყალბება. შემიძლია კომენტარი გავაკეთო ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელ ინფორმაციასაც ფლობს მირზა სუბელიანი.

ფაქტია, რომ მირზა სუბელიანის ინტერესებს აბსოლუტურად იცავდა პროკურატურა და ითვალისწინებდა ყველაფერს. მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული, ეს მოხდა მისი შვილის დაკითხვის შემდეგ , მომიბოდიშა და მომისამძიმრა იქაც პროცესზე. სახლში იყო მოსული, მე არ ვიყავი, ჩემი მეუღლე დახვდა. 

ბიბლია გადმოგვცა საჩუქრად და ხატი ბავშვის სახელზე. დანარჩენი არაფერი კომუნიკაცია,... მიბოდიშებდა, რომ ალბათ რაღაც შეცდომა დავუშვი ბავშვის აღზრდაშიო“- აცხადებს ზაზა სარალიძე.

მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი შს სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების გადაბარების შემდეგ დააკავა. სუბელიანი ბრალდებულია  სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც  დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში კი ამ დროისთვის მეორე მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს. 

დღის ამბები