18 აპრილი 2024,   18:38
ვრცლად
ვადაგასული განჩინება - კლუბის ხელმძღვანელების განცხადებით შსს-ს „ბასიანში“ უკანონოდ შევიდა

შსს კლუბ „ბასიანს“ კიდევ ერთხელ ამოწმებს - ცოტა ხნის კლუბის ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და ფინანსური დოკუმენტაციაც მოითხოვეს.

თუმცა, კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსამართლის განჩინება, რომლითაც პოლიციელებმა მიმართეს, ვადაგასულია და თანაც დოკუმენტში კლუბის საიდენტიფიკაციო კოდი არასწორადა მითითებული.

„განჩინება გამოცემული არის 24 მაისს, კიდევ ერთი ლაფსუსი, გარდა იმისა, რომ საიდენტიფიკაციო კოდი არასწორია და ასე შემდეგ. ეს არის უკვე ვადაგასული.  ეს არის ჩვენთვის უკვე პრინციპული საკითხი, რომ ასე აბსურდულად არ ხდებოდეს რაღაცები, თორემ ის, რომ ოფისში სკამების და მაგიდების მეტი არაფერი არ არის, ის ფინანსური საბუთები რასაც ითხოვენ, სხვაგან არის. უბრალოდ პრინციპული საკითხია, რომ ასე ამ ქვეყანაში არ ხდებოდეს რაღაცები, საიდენტიფიკაციო კოდი არის არასწორი და ამას არ აღიარებენ და იძახიან, რომ მერე, რა რომ მისამართი წერია,“ - განაცხადა კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, ტატო გეთიამ.

ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინებაში სხვა საკადასტრო კოდია მითითებული და სწორედ ამის გამო, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლები შსს-ს ჩხრეკის ჩატარებაზე უარს ეუბნებიან.

„გამოძიებას დაცვის მხარემ მოსთხოვა წარმოედგინა ის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ „ბასიანში“ უნდა ჩატარდეს ჩხრეკა. გამომძიებელმა წარმოადგინა სასამართლოს განჩინება, სადაც წერია სხვა საკადასტრო კოდი, რომელიც არ ემთხვევა „ბასიანის“ საკადასტრო კოდს, ამიტომ სხვა საკადასტრო კოდზე მითითებულ დოკუმენტაციას ჩვენ ვერ გავცემთ, უარს ვეუბნებით ჩხრეკის ჩატარებაზე და მივიღებთ ყველა ზომას, რომ ეს უკანონობა იქნეს აღმოფხვრილი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, შსს-ს წარმომადგენლების კლუბში შესვლა ძალაუფლების გადაჭარბებაა.

„მიმაჩნია, რომ ძალადობაა და გადაჭარბებაა ძალაუფლების და გარდა ამისა, ჩვენ ისიც არ ვიცით, „ბასიანის“ მიმართ არის თუ არა აღძრული სისხლის სამართლის საქმე,“ - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები