24 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
მამუკა ბახტაძის მიერ 20 000 ლარის ენმ-სთვის გადარიცხვას აუდიტის სამსახური შეისწავლის

მამუკა ბახტაძის მიერ ენმ-სთვის შემოწირულობის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის.

როგორც აუდიტორი ირაკლი მექვაბრიშვილი აცხადებს, მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადარიცხულ 20 ათას ლარის შემოწირულობას, აუდიტის სამსახური შეისწავლის და ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული.

პარლამენტში მამუკა ბახტაძე ფაქტს არ უარყოფს, მაგრამ ამტკიცებს, რომ 2012 წლის აგვისტოში მას ენმ პირადი თანხებით არ დაუფინანსებია და ადგილი ჰქონდა მისი საბანკო ანგარიშების ტექნიკურად გამოყენებას.

მამუკა ბახტაძის კომენტარის შემდეგ საკითხის შესასწავლად აუდიტის სამსახურს არასამთავრობო სექტორმა მიმართა.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე და პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მომხდარს ფულის გათეთრებას უკავშირებენ და აუდიტის სამსახურისგან კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან.

„დანაშაული რომ მოხდა ეს ფაქტია, შეიძლება ეს იყოს ადმინისტრაციული წესით დასჯადი, ხოლო თუ ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ადგილს ჰქონდა უკვე იმ კომპანიის მიერ, რომელმაც გამოიყენა იგი, როგორც ცრუ მონაცვლე პირი, ამ შემთხვევაში კომპანიის წინააღმდეგ შეიძლება აღიძრას უკვე შესაბამისი საქმე,“ -  განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი ამბობს,რომ  საკითხს შეისწავლის და არგუმენტირებულ პასუხს მიაწვდის საზოგადოებას.

„ეს არის პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგის კანონთა მიმართებაში, ამის იურიდიულ ექსპერტიზას გავაკეთებთ და პასუხს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საზოგადოებას გასცემს,“- განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

დღის ამბები