14 ოქტომბერი 2019,   11:09
ვრცლად
მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიაში ექსპერტებად წინა ხელისუფელების შსს-ს მაღალჩინოსნების, ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის მოწვევას ეწინააღმდეგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში იმუშაონ წინა ხელისუფელების შსს-ს მაღალჩინოსნებმა, ზაზა ჭაიამ და ირაკლი ქადაგიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კვლავ ისაუბრა აღნიშნულ პირებზე და განაცხადა, რომ ორივე ექსპერტი მისთვის მიუღებელია.

ეკა ბესელიას თქმით, თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჭაია და ქადაგიძე ჩაერთვებიან, მაშინ საპარლამენტო უმცირესობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აღნიშნულ პირებს არა საგამოძიებო კომისიის ექსპერტები, არამედ "ევროპული საქართველოს" მიერ მოწვეული ექსპეტები უნდა დაერქვათ.

„ბატონი ქადაგიძე იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი, ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როდესაც ვაზაგაშვილის სპეცოპერაცია ჩატარდა და ქუჩაში ჩაცხრილეს ადამიანები. მეორე პირი არის მსჯავრდებული ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეში და მგონია, რომ ასეთ კითხვებს აღარ უნდა ვსვამდეთ, რატომ. მე კითხვას ვსვამ, რატომ არის ეს ხალხი მოწვეული კომისიაში და ვის სჭირდება მათი გამოცდილება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის პასუხად „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ კომისიაში ექსპერტების მიყვანის შესაძლებლობა აბსოლუტურად ყველა წევრს აქვს.

„ქართული ოცნება" თუ აპირებს, რომ ასეთი ხელოვნური ბარიერები შექმნას მუშაობაში, პირდაპირ მინდა გითხრათ რომ არ გამოუვათ. იმიტომ, რომ ჩვენ შემოვიღეთ ექსპერტების დაქირავების სამართლიანი წესი, ჩვენ შეგვეძლო შემოგვეღო წესი, როდესაც უმრავლესობით გადაწყდებოდა, ვინ იქნებოდა ექსპერტი და მაშინ მოგეხსენებათ, უმრავლესობაში ვართ ჩვენ და არ გავითვალისწინებდით „ოცნების“ სურვილს, მათი ექსპერტების დაკომპლექტებაში, ეს ჩვენ არ გავაკეთეთ. ჩვენ ვთქვით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და „ოცნება“ ვერასდროს შევთანხმდებით, სამწუხაროდ, ობიექტურ შეფასებაზე ადამიანების, აქედან გამომდინარე, ვთქვათ, ვინც იღებს პასუხისმგებლობას თავის ექსპერტზე ის მოიყვანოს და ყველას აქვს დღეს საშუალება, რომ მოიყვანოს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების გამოკითხვის შემდეგ დაიწყო.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ დააყენა საკითხი, რომ თუ კომისიის მუშაობაში ექსპერტები ჩაერთვებიან, მაშინ მათი ვინაობა წინასწარ უნდა გახდეს ცნობილი კომისიის ყველა წევრისთვის.

კომისიის მომდევნო სხდომა უკვე ორშაბათს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები