15 დეკემბერი 2019,   04:06
ვრცლად
მწერალ ზურა აბაშიძეზე თავდამსხმელთა ვინაობა შსს-მ ამ დრომდე ვერ დაადგინა

მწერალ ზურა აბაშიძეზე თავდამსხმელთა ვინაობა შსს-მ ამ დრომდე ვერ დაადგინა. მწერალს უცნობი მამაკაცი, თბილისის ცენტრში 21 ივნისს შვიდ საათზე დაესხა.

აბაშიძის თქმით, 30 წლამდე პიროვნება ჯერ მისი ორიენტაციით დაინტერესდა, შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა. მას შემდეგ, რაც მწერალმა ტელეფონით პოლიციაში დარეკვა სცადა, უცნობი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოხდა. ზურა აბაშიძე ამბობს, რომ პოლიციამ განცხადების დაწერაში ხელი შეუშალა და ურჩიეს, დაემალა მოტივი, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, თუმცა მწერალ ზურაბ აბაშიძეს შსს-ში უთხრეს, რომ თავდასხმის მომენტში ყველა კამერა გათიშული იყო.

დაზარალებულის განცხადებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო და აბაშიძე უწყების ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა გამოკითხა. გამოძიება ამ დროისთვის ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

იურისტები განმარტავენ, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ სამართალდამცველები გულგრილობას იჩენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით, არ დაუდგენია იმ პირის ვინაობა, რომელსაც ახალგაზრდა მწერალი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, კამერის ჩანაწერები არარსებობის გამო პოლიციას თავდამსხმელის იდენტიფიცირება უჭირს.

ამავე თემაზე
დღის ამბები