19 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამი პირი დააკავა. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი - 1974 წელს დაბადებული ს.კ., 1977 წელს დაბადებული კ.ტ. და 1992 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 19 ივნისს სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს და სამკაულები გაიტაცეს. სამართალდამცველებმა, ასევე, დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა - ს.კ.-მ და გ.ბ.-მ მიმდინარე წლის 28 მაისს მარტვილში 2 მოქალაქის საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს," - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.  

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 3 ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები და ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დღის ამბები