17 ივლისი 2018,   17:36
ვრცლად
ჩემი მიზანია, გავიგო, რატომ გიყვართ საქართველოში ჩემი წიგნები - მიშელ უელბეკი

ცნობილი ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი, თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა. მიშელ უელბეკი ქვეყნის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე დღეს დარჩება და ქართულ კულტურას და ქართველ მწერლებს სწორედ ამ ვიზიტის დროს გაეცნობა.

მწერალი მედიის შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. საუბრისას მან საიდუმლო გაამხილა და თქვა, რომ ის ახალ რომანზე მუშაობს, რომელიც იანვარში გამოვა.

მიშელ უელბეკს  მკითხველების დიდი ნაწილი აეროპორტში დახვდა, ორშაბათს საღამოს 8 საათზე კი რუსთაველის თეატრში მის თაყვანისმცემლებსაც გაიცნობს.

მწერალმა მედიასთან ქართველ მკითხველებზე და საქართველოს კულტურის გაცნობაზე ისაუბრა.

„მწერლისთვის ნამდვილად გამოცანაა, თუ რა განაპირობებს წარმატებას, რატომ ვარ, ვთქვათ, წარმატებული საქართველოში და არა სომხეთში - ამას იმ დასკვნამდე მივყავარ, რომ არსებობს სხვადასხვა ეროვნული ხასიათი, ზოგს უფრო მეტად ან ნაკლებად მოსწონს მწერლის ნაწარმოებები. ჩემი მიზანია, რომ გავიგო, რატომ გიყვართ საქართველოში ჩემი წიგნები და რა აერთიანებს იმ ქვეყნებს, სადაც მოსწონთ ჩემი შემოქმედება, თუმცა, ეს ჯერჯერობით ვერ გავიგე. ფრანგებმა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა იციან საქართველოს შესახებ, ისიც კი არ ვიცი, რამდენად განვითარებულია თქვენთან სოფლის მეურნეობა. არ მაქვს ინფორმაცია ქართულ ლიტერატურაზე, თუმცა, აუცილებლად გავიგებ ბევრს, სანამ წავალ.

"რაც შეეხება ჩემს პერსონაჟებს, ძალიან საინტერესოა, თუმცა, ამავდროულად რთულია იმის ახსნა, როგორ ხდება მათი შექმნა. ძალიან ხშირად ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მე შეიძლება, ვყოფილიყავი. ხშირად საუბრობენ მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე, ხშირად მათ პროფესიაზე, ყოფილა ისეთი შემთხთვევაც, როდესაც აღვწერე ის, რაც მე გადამხდა თავს. თუმცა, სულ ესე არაა - ყოფილა შემთხვევები, როდესაც იმას წერ, რაც არ გინდა, რომ თავს გადაგხდეს, ან პირიქით, რაც გინდა, რომ მოხდეს,“ -  განაცხადა მიშელ უელბეკმა.

ცნობილი ფრანგი მწერლის ჩამოსვლას თბილისში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძეც, ესწრებოდა.

მისი თქმით, მოხარულია "პოლიტიკური ციებ-ცხელების ფონზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ლიტერატურის მოქცევა, ეს არის ის თემა რასაც შეუძლია პოლიტიკური თემები გადაფაროს".

მწერალი მიემგზავრება ყაზბეგში, არჩილ ქიქოძესთან ერთად, სადაც  დიალოგი ქართველ და ფრანგ მწერლებს შორის შედგება, რის შემდეგაც პანელ დისკუსია გაიმართება.

მწერალი საქართველოს სამშაბათს დატოვებს.

 

 

დღის ამბები