12 დეკემბერი 2018,   03:50
ვრცლად
"საქართველოს ფოსტა" ბაზრის მონოპოლისტი გახდა - საფოსტო გზავნილების ოპერატორები საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში ჩივილს გეგმავენ

საქართველო შესაძლოა, კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალის შუაგულში აღმოჩნდეს. საფოსტო გზავნილების მსოფლიოში ცნობილი ოპერატორები ამბობენ, რომ მათ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვეს და ამიტომ ქვეყნის წინააღდეგ ჩივილს ევროსასამართლოში აპირებენ.

3 წელია, თითქმის, ყველა სახელმწიფო დაწესებულების გზავნილები და ამანათები ადრესატამდე საქართველოს ფოსტას მიაქვს.

დღეს კანონით სახელმწიფო დაწესებულება არ არის ვალდებული საფოსტო მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადოს და შეუძლია, საქართველოს ფოსტას ხელშეკრულება პირდაპირ გაუფორმოს.

საფოსტო გზავნილების საერთაშორისო ოპერატორები ზარალს ითვლიან. მას შემდეგ, რაც საქართველოს ფოსტა ბაზრის მონოპოლისტი გახდა, კერძო კომპანიებმა, თითქმის, ყველა სახელმწიფო შესყიდვა დაკარგეს.

მხოლოდ საერთაშორისო საფოსტო-გადაზიდვების კომპანიას TNT მილიონიანი ზარალი მიადგა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება თავისუფალი სავაჭრო ბაზრის პრინციპებს არღვევს და მან საქართველოს ფოსტა მონოპოლისტად განზრახ აქცია.

TNT-მ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა, საქმის არსებითი განხილვა, ერთი წლისა და 6 თვის წინ დასრულდა, თუმცა, გადაწყვეტილება სასამართლოს პირველ კოლეგიას ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

TNT-ში ეჭვობენ, რომ ხელისუფლების გავლენიანმა მაღალჩინოსნებმა სასამართლოზე გავლენა მოახდინეს და ამიტომ გადაწყვეტილების გამოცხადება ჭიანურდება. საქართველოს ფოსტის ერთ-ერთი მთავარ ლობისტად საერთაშორისო კომპანიის თბილისის ოფისში ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ასახელებენ.

მას შემდეგ, რაც ფოსტა კანონით პარლამენტმა მონოპოლისტად გადააქცია, სახელწმიფო უწყებებმა ხელშეკრულებები გაუწყვიტეს კიდევ ერთ მსოფლიო ბრენდს დი ეჩი ელ-ს.

შესყიდვების შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე გადაწყვეტილებას უკვე წელიწადნახევარია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არ აცხადებს. კოლეგიის წევრებს შორის არიან მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩიხლაძე და მაია კოპალეიშვილი. თუმცა, კურიერის კითხვებს მერაბ ტურავა არ პასუხობს.

საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობამ კონკურენტების ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. დეტალებზე საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ სურთ არც ეკონომიკის სამინისტროში.

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში მერაბ ტურავას კოლეგია კერძო საფოსტო კომპანიის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს, კომპანიის იურისტები ევროსასამართლოსთვის ემზადებიან. 

დღის ამბები