10 დეკემბერი 2018,   07:24
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებები - "ქართული ოცნების" ოფისში კონსულტაციების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული ოცნების ოფისში კონსულტაციების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელიც, დაახლოებით, ორი საათია, დაწყებულია, პრემიერი მამუკა ბახტაძე, მინისტრები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან.

როგორც ცნობილია, რამდენიმე სამინისტრო უქმდება, თუმცა, კონკრეტული გვარები, ვინ დატოვებს მინისტრის თანამდებობას, ჯერ ისევ უცნობია. 

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სიახლეები იქნება მიღებული, მათ შორის დევნილთა სამინისტროთან დაკავშირებით ახალ იდეაზე იმსჯელებენ. 

„ალბათ, სიახლეები იქნება დღეს მიღებული კონსესუსის შედეგად, თუმცა, შესაძლებელია, ცოტა სხვაგვარად მოხდეს შერწყმა და მოდი, დაველოდოთ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს. დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებით არის ახალი, საინტერესო იდეა და ამაზე დღეს ვიმსჯელებთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ, სამინისტროების გაუქმებაზე კომენტარი გააკეთა. მისთვის კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება მისაღები არ არის.

„ვეთანხმები შემცირებულ რაოდენობას, ოღონდ არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე. დაახლოებით, ისეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ. გული გულის ადგილას უნდა იყოს, ტვინი - თავში,“ -  განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

მმართველ გუნდში დღეს განმარტავენ, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტის შემოღება არ იგეგმება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები