19 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
სტრუქტურული ცვლილებები - მთავრობაში ძირითადად ახალი სახეები იქნებიან

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ხვალ მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ბოლო კონსულტაციების შემდეგ პირველად ალაპარაკდნენ ბახტაძის გუნდის ახალ შემადგენლობაზე. გვარები კვლავ არ სახელდება, თუმცა ისინი დადასტურებით ამბობენ, რომ მინისტრთა კაბინეტში ძირითადად ახალი სახეები იქნება.

„კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივედით და ეს გადაწყვეტილებები აისახება იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რაც მომდევნო კვირაში იქნება წარმოდგენილი. ამ ცვლილებების შემდეგ, პრემიერი დაასახელებს მინისტრების კონკრეტულ კანდიდატებს. ერთადერთი რაც მე შემიძლია დაგიდასტუროთ, განახლება ნამდვილად იქნება,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რჩება 11 სამინისტრო - გაერთიანებული სამინისტროს სახით ჩამოყალიბდება განათლების, სპორტისა და კულტურის უწყებები; სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, დევნილთა სამინისტრო კი ჯანდაცვის უწყებას შეუერთდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სამთავრობო გადაადგილებები, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

„არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა კონკრეტულ სახეებს, მათ სამუშაო გამოცდილებას თუ მათ პიროვნულ უპირატესობებს სხვებთან „ქართული ოცნების“ მთავრობაში არ აქვს, იმიტომ, რომ მთავარ პრობლემად რჩება ქვეყნისთვის ქართული ოცნების პოლიტიკა, როგორც საშინაო ისე საგარეო,“-ამბობს „ევროპული საქართველოს წევრი“ ირაკლი აბესაძე.

მთავრობის შემადგენლობის განახლებაში აზრს ვერ ხედავს ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ . თუმცა პარტიის ლიდერების განცხადებით, თუ მთავრობაში ის მინისტრები შეიცვალნენ ვისი მიუღებლობაც საზოგადოებას აქვს, ეს ნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა შეცდომები აღიარა.

 „ხელისუფლების პოლიტიკა თუ არა შეიცვალა, გადაადგილებას შეიძლება არ ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ასოცირდებიან უსამართლობასთან, ძალადობასთან და რომელთა გაშვება მთავრობიდან, ეს ნიშნავს ამ შეცდომების აღიარებას,“-აცხადებს რომან გოცირიძეს.

დღის ამბები