26 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
წულუკიანი უნდა დარჩეს ამ ეტაპზე აუცილებლად მინისტრად - გია გაჩეჩილაძე 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება. გიორგი გაჩეჩილაძე დევნილთა სამინისტროდან ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოწყობის ფუნქციების ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეერთებას მიესალმება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ეს ცვლილება კორუფციის რისკებს შეამცირებს და ოპერატიულობას გაზრდის.

„ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მშენებლობასთან არის დაკავშირებული, ხომ იცით, ციხეების მშენებლობაა დაგეგმილი, დევნილების სახლები შენდება და ეს ყველაფერი თავს მოიყრის ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომ კონცენტრირებულად ყველა მშენებლობა, გზები იყოს, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსდება ერთ სამინისტროში. ეს კორუფციულ რისკებს ამცირებს და თან უფრო ოპერატიული ხდება ასე ვთქვათ, ეს საქმიანობა,“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არ საუბრობს, რომელი მინისტრი დატოვებს თანამდებობას. გიორგი გაჩეჩილაძე იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შეერთებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ორივე მინისტრს კარგად იცნობს.

გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა დარჩეს მინისტრის თანამდებობაზე, რადგან სწორედ მისი უწყება აწარმოებს ჰააგაში რუსეთ-საქართველოს ომის საქმეს.

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს ძალიან დიდი ტვირთი ჰააგის პროცესი მიდის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, განაჩენი უნდა გამოვიდეს, იმ განაჩენის შემდეგ რა დადგება კიდევ და იმას რა პროცესები მოჰყვება კიდევ სხვა ამბავია, ამიტომ, ვინც წამოიწყო ეს საკითხი და წამოიწყო წულუკიანმა, ის უნდა დარჩეს ამ ეტაპზე აუცილებლად მინისტრად,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები დასრულდა. მმართველი გუნდის წევრების გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდება. გაერთიანდება, ასევე, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები და ერთ უწყებად გაერთიანდება დევნილთა სამინისტრო და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებს არ ექნებათ ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოწყობის ფუნქციები და ეს უფლებამოსილება მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

დღის ამბები