19 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
"რაღაც კითხვებზე პასუხები არ არის" - მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის კითხვებს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები პასუხობენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეიქმნა, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ეცნობა.

საქმის მასალებსა და ბრალდების მხარის ვერსია კომისიის წევრებს საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ წარუდგინა, ამ წუთებში კი საქმის მასალებზე შს სამინისტროს გამომძიებელი კახა სირაძე საუბრობს. 

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ საქმის პროკურორთან ბევრი კითხვა არსებობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე იმ კითხვების დასმას აპირებს, რომელიც დაზარალებულ მხარეს გამოძიებასთან აქვს.

„სარალიძეს რამდენიმე ეპიზოდთან აქვს პრობლემა, ერთ-ერთი არის მაგალითად ფარდულის დანგრევა, რატომა რ იქნა ამოღებული კალანდიას ტანსაცმელი და ა.შ. მე დღეს ვაპირებ ვიკითხო სწორედ ის, რაც დაზარალებული მხარის კითხვებია პროკურატურასთან. ბუნებრივია, მარტო ერთი მხარის პოზიცია ვერ მოგვცემს სრულ სურათს მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარის პოზიცია მოვისმინოთ.“- ამბობს სოფიო კილაძე.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ კითხვები იქნება, როგორც გამოძიების მიმდინარეობაზე ასევე მტკიცებულებების ნაწილთან დაკავშირებითაც.

სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებს დღეს საქმის პროკურორი უპასუხოდ არ დატოვებს.

„კითხვები ეხება, თუ როგორ მიმდინარეობდა საქმის გამოძიება. ჩვენ გვაინტერესებს რა საგამოძიებო მოქმედებები იყო ჩატარებული, რა დროში და როგორ?

კონკრეტული კითხვები გვექნება. კითხვები არის ბევრი, საქმის მასალებში ჩანს, რომ რაღაც კითხვებზე პასუხები საქმის მასალებიდან არ არის და ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ ამ კითხვებზე პასუხები“-აცხადებს კაპანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს გამქრალ და დაზიანებულ მტკიცებულებებზე ექნება შეკითხვა. კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, კომისიის წევრები წამოჭრიან ყველა იმ საკითხს, რომელსაც დაზარალებული ზაზა სარალიძე ძალიან მწვავედ აყენებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც გაჟღერდა ზაზა სარალიძის მხრიდან. იქნება ეს ფარდულის ეპიზოდი, იქნება ეს ე.წ. დანის გაღუნვა და ა.შ. ყველა ის საკითხი, რომელიც მოვისმინეთ ბატონი ზაზასგან ასევე კრიტიკულად დავსვამთ ჩვენ ამ საკითხებს, რომ საზოგადოებამ და ბატონმა ზაზამ მიიღოს ამ შეკითხვებზე პასუხი“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შს სამინისტროს წარმომადგენელიც არის დაბარებული.

დღის ამბები