20 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
მოსამართლეების უვადო გამწესება - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ჩაკეტილ სისტემაზე საუბრობენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს იმ შვიდ მოსამართლეს უყრიან კენჭს, რომლებსაც უვადო გამწესება სურთ.

პროცესს საბჭოს არამოსამართლე წევრები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უვადოდ დანიშვნის შესაძლებლობა არ აქვთ გარედან მოსულ კანდიდატებს და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ სისტემა დახურულია და ის კლანური პრინციპებით იმართება.

„უვადო დანიშვნები ადასტურებს იმ პრობლემებს, რომელზეც მანამდე ვსაუბრობდით, პროცესი არის გაუმართავი გასაუბრება იყო სულ მცირე არაეთიკური, არ ამთავრებინებენ გამომსვლელებს სიტყვებს, ხშირად უსვამენ კითხვებს, რომლის ერთადერთი მიზანია, კონკურსანტმა თქვას ჩემი და ქალბატონი ნაზის საწინააღმდეგო აზრი.

მთავარი სისტემური პრობლემა, რომელიც აქ გამოვლინდა არის, რომ სისტემა არის ჩაკეტილი“-აცხადებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

დოლიძის მოსაზრებებს არ ეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შოთა ქადაგიძე. მისი თქმით, კონკურსი აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალეა.

„აღნიშნულ წინადადებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რადგან კონკურსი არის ღია, საჯაროა, ყველა კანდიდატს ყველა იურისტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და გამწესდეს“- აცხადებს ქადაგიძე.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც არამოსამართლე წევრებს პრეტენზიები აქვთ, სხვადასხვა სასამართლოებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრებს უკავშირდება.

„საბჭოს წინასწარ დაკავშირება და შეტყობინება, რამდენიმე დღის ადრე შეტყობინება სასამართლოს თავმჯდომარისთვის, მთელი რიგი ბიუროკრატიული ბარიერები, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ სასამართლოში მისვლა, მოსამართლეებთან საუბარი, რისი უფლებაც საბჭოს წევრს აქვს და დარჩება კიდეც რაც არ უნდა ბევრი ბიუროკრატიული წინაღობები შექმნან.

ჩვენ წინაღობები გვექმნებოდა მანამდეც, მაგრამ ეს არის ამ წინაღობების მორიგი საფეხური და მორიგი გაფორმება“- აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები