20 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
ნუ გვითრევთ პოლიტიკურ დებატებში... იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას - კამათი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, კამათის ფონზე მიმდინარეობს. 

სიტყვიერი დაპირისპირება, საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძისა და საქმის გამომძიებლის, შს სამინისტროდან კახა სირაძის დაკითხვის დროს მოხდა.

საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებზე, რომელიც შს სამინისტროს წარმომადგენლის მიმართ იყო დასმული, პასუხის გაცემას, პროკურორი, ზვიად ფხაკაძე ცდილობდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ზვიად ფხაკაძის მისამართით აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას იკვლევს, პოლიტიკური დებატები არ უნდა გაიმართოს.

„მოთმინება ბატონო ზვიად, აქ თქვენ ხართ დაკითხვაზე. გასაგებია, თქვენთვის? ვინც კითხვას გისვამთ ის უნდა დააკმაყოფილოთ ან არ დააკმაყოფილოთ. აქ პოლიტიკურ დებატებში შესვლა და შეფასება, როგორ იმუშავეთ... არ მჭირდება ეს ნოტაციები თქვენგან.

აქ ნუ გვითრევთ პოლიტიკურ დებატებში თქვენ და თქვენი შეფასებები და მორალის კითხვა, არ გვაინტერესებს ჩვენ... იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას,“ - მიმართა ბოკერიამ ზვიად ფახაკაძეს.

სერგი კაპანაძის თქმით, კონკრეტულ კითხვას იმ პირმა უნდა უპასუხოს, ვისი მისამართითაც დაისმევა კითხვა.

საგამოძიებო კომისიის წევრებს აინტერესებთ, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დაკითხეს თუ არა ის მოწმეები, რომლებიც მედიასთან მიცემულ კომენტარში ამბობდნენ, რომ დაინახეს, რაც მოხდა.

„გთხოვთ გაიხსენოთ, როდესაც გეგმავდით, თვითმხილველების დაკითხვას, რატომ თქვით უარი ფასეული თვითმხილველების დაკითხვაზე,“ - ამ კითხვით საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ შს სამინისტროს წარმომადგენელს მიმართა.

კახა სირაძის თქმით, კამერებიც დამუშავებულია და დათვალიერებულია.

კახა სირაძეს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემაც მიმართა და სთხოვა გაეხსენებინა, დაკითხეს სწორედ ის პირები, რომლებიც ინტერვიუში ამბობენ, რომ დაინახეს, რა მოხდა.

„საქმეში ამ ორი ადამიანის ჩვენება არ არის და ბატონი ირაკლი გეკითხებათ, რომ ეს ხალხი დაკითხული იყო და საქმეში მათი ჩვენება არ არის, თუ არ იყო დაკითხული, თუ არ იყო დაკითხული, რატომ არ იყო დაკითხული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კახა სირაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რას შეცვლიდა აღნიშნული მოწმეების დაკითხვა.

„რას შეცვლიდა ისეთს ან თუ დაიკითხებოდა, იმავე დღეს არ დაიკითხებოდა, რამდენიმე დღის შემდეგ დაიკითხებოდა. რას მისცემდა ისეთ რაღაც გარემოებებს, რაც ძიების მიმდინარეობისას ცნობილი არ გახდებოდა ან რაღაცას შეცვლიდა,“ - განაცხადა სირაძემ.

დღის ამბები