25 აპრილი 2024,   19:49
ვრცლად
"დავით ჭიჭინაძე ნუ ვანგობს ახლა აქ რაღაცეებს"-მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს

„ქართული ოცნების“ წევრების დიდი ნაწილი არ იზიარებს თანაგუნდელის, დავით ჭიჭინაძის პოზიციას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს დაძლიოს კრიზისი და შესაბამისად ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აზრი არ აქვს.

„თუ ჩვენმა გუნდმა ვერ უპასუხა  იმ გამოწვევებს, იმ მოთხოვნებს, იმ საჭიროებებს რაც ქვეყანას აქვს, ჩემი აზრით ვადამდელი იქნება თუ ვადიანი საპარლამენტო არჩევნები ქართველი ხალხი ნდობას აღარ გამოუცხადებს ჩვენს პოლიტიკურ ძალას. თუმცა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ ადეკვატურად იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშეა,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის წინაპირობას ვერ ხედავს ვერც ზაზა გაბუნია. დეპუტატი ამბობს, რომ დადგენილ ვადებში მმართველი გუნდი შეძლებს უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„მმართველ გუნდს აქვს პოტენციალი და რესურსი, რომ გამოწვევები რომელიც არსებობს ობიექტურად  თუ სუბიექტურად ამ გამოწვევებს უპასუხოს. ამის სრული პოტენციალი და შესაძლებლობა არსებობს გუნდში. ეს ნიშნავს  იმას, რომ დადგენილ ვადაში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის აუცილებელი იქნება ეს საკადრო თვალსაზრისით თუ იქნება ეს რეფორმების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების თვალსაზრისით. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების წინაპირობებზე არ გვიმსჯელია იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა არ არის,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დავით ჭიჭინაძის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს კახა ოქრიაშივილი. „ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით ის არ აპირებს კომენტარები აკეთოს მისი თანაგუნდელის პოზიციასთან დაკავშირებით.

„ეს განცხადება იყო არასერიოზული და დავით ჭიჭინაძე ნუ ვანგობს ახლა აქ რაღაცეებს. მეორე, არანაირი კრიზისი ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ არ გვაწყობს ჩვენი განვითარების ტემპები. არც ჩვენ გვაწყობს და არც  ჩვენს მოსახლეობას. მაგრამ განვითარების მეტნაკლებად მისაღები დონე არ ნიშნავს კრიზისს,“-განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები