16 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
რუსეთი ოკუპანტია - ამ შინაარსის სტიკერების გაკვრისთვის რამდენიმე ახალგაზრდას შესაძლოა ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისროს

რუსეთი ოკუპანტია - რუსთაველის გამზირზე ამ შინაარსის სტიკერების გაკვრისთვის რამდენიმე ახალგაზრდას შესაძლოა ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისროს.

ახალგაზრდებმა სტიკერები ისეთ ადგილებში გააკრეს, სადაც უამრავი სხვა საინფორმაციო შინაარსის განცხადება თუ ბანერია განთავსებული, თუმცა, სამართალდამცველები სწორედ იმ ახალგაზრდებით დაინტერესდნენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდნენ.

ახალგაზრდებმა რამდენიმე საათი დაჰყვეს პოლიციის განყოფილებაში და ახლა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

ანა ჭარხალაშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მათ წასაყვანად ხუთი საპატრულო ეკიპაჟი მივიდა. 

„ეს რა თქმა უნდა, არის რუსული მეთოდები, დასჯაზე, დაშინებას გულისხმობს ახალგაზრდების, ამ მეთოდის გამოყენება, რომ აი, თქვენც თუ იმავეს გააკეთებთ, მოგივათ ეს. იქნება ეს ქეისი, რომ აჩვენონ, აი, ახალგაზრდებო, თქვენ თუ ამას გააკეთებთ, ფულად ჯარიმას დაგაკისრებთ,“ - აცხადებს ანა ჭარხალაშვილი.

ცოტნე ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებისთვის სტიკერის შინაარსი იყო პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა პირებსაც უნდა დაკისრებოდა ჯარიმა, რომელთა განცხადებებიც არის რუსთაველის გამზირზე გაკრული.

„თვითონ ამ სტიკერების შინაარსი იყო პრობლემა და არა ზოგადად, ის მუხლის, რომელსაც ეს პოლიციელები გვედავებოდნენ იმიტომ, რომ გავიაროთ რუსთაველზე, უამრავი განცხადებაა გაკრული, პლაკატი, სარეკლამო რაღაც სახის შეტყობინებაა და თურმე, ამ სტიკერების და ოკუპაციის გაპროტესტება პრობლემაა, მაგრამ სხვა განცხადებების გაკვრა კანონისთვის მისაღებია?“- განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ახალგაზრდებს ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული კანონდარღვევაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები