12 დეკემბერი 2018,   03:50
ვრცლად
ამ თემის წამოწევაში დევს აზრი, რომ მთავრობა ამ მიმართულებით არ არის საგანგებოდ აქტიური - გიორგი ვოლსკი რუსთაველზე სტიკერების გაკვრას ეხმაურება

„ამ თემის წამოწევაში დევს აზრი, რომ მთავრობა ამ მიმართულებით არ არის საგანგებოდ აქტიური, რაც აბსოლუტურად სინამდვილეს არ შეესაბამება,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოსლკიმ რუსეთაველის გამზირზე სტიკერების გაკვრის შეფასებისას გააკეთა.

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს,, რათა საერთაშორისო დონეზე საქართველოს ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იყოს.

„თუკი კონკრეტულ ადამიანებს აქვთ პირადი ინიციატივა, რაღაც სტიკერებს აკრავენ, მე ვეთანხმები იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და გაცილებით მეტი მაქვს გაკეთებული ამ თემის საერთაშორისო დონეზე აწევაზე და პოზიციების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ვიდრე ნებისმიერ ადამიანებს, ვინც დღეს ცდილობს, რომ სტიკერის მიკვრით მთავრობის სისუსტეს გაუსვას ხაზი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რუსთაველის გამზირზე სტიკერების გაკვრისთვის რამდენიმე ახალგაზრდას შესაძლოა ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისროს. ახალგაზრდებმა სტიკერები ისეთ ადგილებში გააკრეს, სადაც უამრავი სხვა საინფორმაციო შინაარსის განცხადება თუ ბანერია განთავსებული, თუმცა, სამართალდამცველები სწორედ იმ ახალგაზრდებით დაინტერესდნენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდნენ.

ახალგაზრდებმა რამდენიმე საათი დაჰყვეს პოლიციის განყოფილებაში და ახლა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები