19 ივლისი 2019,   04:27
ვრცლად
ლევან მურუსიძე პრეზერვატივის შეფუთვაზე - „აიისა“-ს პრეზერვატივები იუსტიციის საბჭოს სხდომაზე განხილვის საგანი იყო

პრეზერვატივების როლი ქართულ მართლმსაჯულებაში - ამ საკითხზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მსჯელობდნენ. საბჭოს წევრები განიხილავდნენ, თუ რამდენად შეიძლება სასამართლომ აკრძალოს კონკრეტული შეფუთვით პრეზერვატივების წარმოება. საუბარია შპს „აიისა“-ს მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე, რომლის შეფუთვაზეც დატანილი პერსონალიების გამო, სასამართლო დავა მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთის გარეკანზე მოსამართლე ლევან მურუსიძეც იყო გამოსახული. სწორედ  ეს საკითხი იყო განხილვის თემა. იუსტიციის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, კომპანიის ქმედებას შეურაცხმყოფელი და უხამსი უწოდა.

„უცენზურო ფორმით მოხდა პროტესტის გამოხატვა. მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა სცემდეს სასამართლო გადაწყვეტილებას პატივს. ჩვენ დღეს ვერანაირ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ვერ  მივიღებთ და არ მინდა რომ ასეთი მოლოდინი გქონდეთ. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ასეთი ფორმით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას  კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მხარეთაც გვევლინება,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის საბჭოს წევრების ნაწილმა არ გამორიცხეს, რომ შემდგომ სხდომაზეც განიხილონ ეს საკითხი იმისთვის, რომ მოხერხდეს რაიმე სახის სამართლებრივი ფორმით მსგავსი ქმედების შეზღუდვა.

იუსტიციის საბჭოს წევრების ერთი ნაწილი განცხადებას, რომ  მსგავსი შინაარსის შეფუთვები პრეზერვატივებზე შეურაცხმყოფელია, ანა დოლიძე გამოეხმაურა. მან საბჭოს მოსამართლე წევრებს უთხრა, რომ  ისედაც დიდი უფლებები  აქვთ, რომელიც დაცულია კონსტიტუციით, ამიტომ დამატებითი რეგულაციების მიღება საჭირო არაა. ანა დოლიძემ კოლეგებს თმენის ვალდებულებისკენ მოუწოდა.

„უნდა გქონდეთ იმუნიტეტი გამომუშავებული, როდესაც მოქალაქეები გამოხატავენ საკუთარ აზრს,“ - მიმართა ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს წევრებს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები