18 ივლისი 2019,   03:29
ვრცლად
ხორავას ქუჩის ტრაგედია - პროკურორსა და გამომძიებელს შეკითხვებს უკვე უმრავლესობის წარმომადგენლები უსვამენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია აგრძელებს ხორავას ქუჩის მკვლელობის პროკურორისა და გამომძიებლის გამოკითხვას. ამ წუთებში შეკითხვებს უკვე უმრავლესობის წარმომადგენლები სვამენ.

დეპუტატებს რამდენიმე მიმართულება აინტერესებთ, მათ შორის ფარდულთან დაკავშირებით. უმრავლესობის დეპუტატებს დაინტერესდნენ, ფლობდნენ თუ არა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები ინფორმაციას წინასწარ, რომ ადგილობრივები გეგმავდნენ ფარდულის დანგრევას და იყო თუ არა ეს მოქმედება მათთან შეთანხმებული. გარდა ამისა, შეკითხვები დაუსვეს, მირზა სუბელიანთან დაკავშირებითაც.

„როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტები ტარდება ხოლმე, არანაირად არ ხდება უზრუნველყოფა  ვთქვათ, რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ შეიძლება ისე არ იყოს დაცული, როგორც პირვანდელი მდგომარეობა, მაგრამ გარკვეული გაფრთხილებები, მინიშნებები, იყოს ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც თვისობრიობა არ შეიცვალოს დავუშვათ, ან ლენტი დატოვოთ ხოლმე, ან რაღაც მსგავსი მოქმედებები არ გიცდიათ?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ, მდინარაძის მიერ, ფარდულთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ტერიტორიიდან ამოღებული იყო ყველა ნივთიერი მტკიცებულება.

„ფარდულში რაც ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ამოღებული იყო, ის ამოღებულია. დანა, იქ არის პატარა თასი, არის ქუდი, არის ფიცრები, რომელზეც სისხლია. შესაბამისად, ეს გამოძიებამ მიიჩნია, რომ აქ ჩატარებული იყო ყველა მოქმედება. მათ შორის, თუ გადახედავთ, ჩატარებულია იმ დროსაც საგამოძიებო ექსპერიმენტი, როდესაც ფარდული არ იყო ჯერ დემონტაჟის ქვეშ და იყო სრულად,“ - აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ.

უმრავლესობის დეპუტატებმა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს კითხები იმასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, იცნობდნენ თუ არა ისინი პირადად მირზა სუბელიანს.

„ჩემს მიმართ გამოითქვა რაღაც ბრალდება, რომ თითქოს მე გაგდებული ვიყავი სამსახურიდან და სუბელიანმა აღმადგინა. მე დავანგრიე ეს ფარდული და რაღაცნაირად არ ვიცი, ხელს ვაფარებ თითქოს, გაგიცხადებთ, რომ საერთოდ შეხვედრა არ მქონია სუბელიანთან. არც სამსახურით და არც  მეგობრულად,“ - განაცხადა დეტექტივმა კახა სირაძემ.

დღის ამბები