19 აპრილი 2024,   05:45
ვრცლად
ახალი მთავრობის პირველი სხდომა - 14-დან 3 მინისტრის სავარძელი ცარიელი იყო

მთავრობის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში ბახტაძის კაბინეტი ადმინისტრაციის მე-12 სართულზე პირველად შეიკრიბა. 14-დან სამი მინისტრის სავარძელი დღეს ცარიელი იყო. თეა წულუკიანი, კახი კახიშვილი და მიხეილ ჩხენკელი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს არ გამოჩენილან. ოფიციალური ვერსიით, სამივე მინისტრი, რომლის უწყებაც უქმდება ან რეორგანიზაციას ექვემდებარება, მივლინებაში წავიდა.

გაუქმებული სამინისტროების ხელმძღვანელებიდან დღეს მედიასთან მხოლოდ სოზარ სუბარი გამოჩნდა. დევნილთა მინისტრმა უკვე ზუსტად იცის, რომ მუშაობას მთავრობაში აღარ გააგრძელებს.

თითქმის, გადამდგარმა მინისტრმა პოსტის დაკარგვის მიუხედავად, სამინისტროების შემცირება მოიწონა და ახალი პრემიერის მთავარი მესიჯი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, მანაც გაიმეორა.

ვინ მიდის და ვინ რჩება მამუკა ბახტაძის კაბინეტში, ახალ პრემიერს დღეს არ დაუსახელებია. პირველი მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრი ჯერ მედიას შეხვდა. მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ მინისტრების კანდიდატურებზე კონსულტაციები დასრულდა, თუმცა, მათ სახელებსა და გვარებს მხოლოდ მას შემდეგ დაასახელებს, რაც პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებს დაამტკიცებს. 

კურიერის ინფორმაციით, ეკონომიკურ გუნდში შესაძლოა, გახარიას უწყების თანამშრომელი - ნინო ჯავახაძე იყოს, ფინანსთა მინისტრის პოსტი კი შესაძლოა, დავით ამაღლობელმა დაიკავოს, რომელიც მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

მთავრობა მუშაობას 10 სამინისტროთი და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატით გააგრძელებს. კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების უწყებას შეუერთდება. იუსტიციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო. თუმცა, ვინ ჩაიბარებს გამსხვილებული იუსტიციის სამინისტროს პორტფელს, ჯერჯერობით უცნობია.

უქმდება დევნითა სამინისტრო და მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება - დევნილთათვის განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო სოციალური მიმართულება - ჯანდაცვის უწყებაში.

რეორგანიზაციის შედეგად განსაკუთრებით ძლიერდება მაია ცქიტიშვილის უწყება. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინიტროს დევნილთა განსახლებაზე ზრუნვის გარდა, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება - სივრცითი განვითარებაც დაემატება.

 

დღის ამბები