24 ივლისი 2019,   13:49
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა - ევროპარლამენტი სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ევროპარლამენტი მხარს უჭერს იმ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს არღვევენ.- აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა ორი კვირის წინ რეზოლუციაც მიიღო.

ევროდეპუტატები ამბობენ, რომ რუსეთთან მიმართებაში სანქციები ჯერ კიდევ 2008 წლის შემდეგ უნდა მიეღოთ, თუმცა მაშინ სათანადო რეაგირება არ იყო. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნაბიჯ-ნაბიჯ დაისაჯონ.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სანქციების თემაზე მუშაობას გააგრძელებენ. დეპუტატები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, სანქციებს მხარი დაუჭირონ.

„სანქციები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის ბევრად ადრე უნდა დაწესებულიყო. რაც უკრაინასთან დაკავშირებით გავაკეთეთ, საქართველოს მიმართაც უნდა გატარებულიყო. იდეა და ინიციატივა სანქციების დაწესებაზე იმ დანაშაულისთვის, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადიან, ნამდვილად კარგია. რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, მოსწონთ დასავლეთში ცხოვრება, ასე რომ გამოდიან დასავლური იდეების, ევროკავშირის წინააღმდეგ, მაგრამ ცხოვრება ოჯახებთან ერთად დასავლეთში სურთ, ასე, რომ პერსონალური სანქციების დაწესებას ნამდვილად აქვს აზრი,“- განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, რებეკა ჰარმსმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები