22 სექტემბერი 2019,   06:31
ვრცლად
ვინ დაარღვია საზღვარი - ქართველი მესაზღვრეების დაკავებას ქართული მხარე გატაცების კვალიფიკაციას ამ ეტაპზე არ აძლევს

სამდღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მესაზღვრეები რუსეთიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს. რუსი ძალოვნების მიერ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაკავებას ქართული მხარე გატაცების კვალიფიკაციას ამ ეტაპზე არ აძლევს.

ქართველი მესაზღვრეების, კობა მაჭარაშვილისა და გიორგი კერესელიძის, გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე ლაგოდეხის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდა. ეს კადრები ამ დრომდე უცნობი რჩება, ვის ეკუთვნის და რისთვის გამოიყენეს უპილოტო საფრენი ობიექტი. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში უარყვეს, რომ მოწყობილობა მათ ეკუთვნოდათ.

კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე რუსმა ჯარისკაცებმა მძევლად მაშინ აიყვანეს, როდესაც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე საზაფხულო საგუშაგოებს ხსნიდნენ.

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ქართველი მესაზღვრეების მძევლად აყვანას გატაცების კვალიფიკაციას ჯერ არ აძლევს და რუსული მხარის ვერსიას იმეორებს. მოსკოვი კი ამტკიცებს, რომ საქართველო-რუსეთს საზღვარი ქართველმა პოლიციელებმა დაარღვიეს, რაც მათი დაკავების მიზეზი გახდა.

რა მოხდა რეალურად და რა გახდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დაკავების მიზეზი, ამ თემაზე მესაზღვრეები არ საუბრობენ. მათ ჩვენება გამოძიებას უკვე მისცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო ნაწილი დატოვეს.

დაკავების ფაქტი შს სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ინფორმაცია მედიით გავრცელდა. ოჯახმა კი ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ ორი მესაზღვრე რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

 

დღის ამბები