20 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
ნარკოტიკები, სამთავრობო მანქანა და „ოცნების“ დეპუტატი - ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს სამთავრობო მანქანით ნარკოტიკების შემოტანაში ადანაშაულებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ოპოზიცია ბრალს დებს, რომ აჭარის მთავრობის მანქანა მეგობარს ნარკოტიკების გადმოსატანად გამოაყენებინა.

მედეა ვასაძე, რომელიც თავად ქართული ოცნების წევრი იყო, ამტკიცებს, რომ პირმა, რომელიც ირაკლი ჭეიშვილის მანქანით გადაადგილდებოდა, თურქეთიდან სუბოქსინი შემოიტანა.

დეპუტატ ჭეიშვილის მეგობარი, კახა კიკვაძე, პოლიციამ დააკავა. მას ჩხრეკისას ნარკოტიკები აღმოაჩნდა და  სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვასაძეს აქვს დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარი ირაკლი ჭეიშვილმა და კახა კიკვაძემ ერთწუთიანი ინტერვალით გადმოკვეთეს.

ჭეიშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ვასაძემ ეს ისტორია მისი დისკრიმინაციისთვის გამოიგონა.

დეპუტატი ადასტურებს, რომ თურქეთში იყო და საზღვარი კიკვაძის პარალელურად გადმოკვეთა, თუმცა, ნარკოტიკებთან კავშირს უარყოფს. ჭეიშვილის თქმით, მის მეგობარს კი მხოლოდ მცირე რაოდენობის ნარკოტიკი აღმოაჩნდა.

მედეა ვასაძე კი ეჭვობს, რომ სახელმწიფო მანქანის ჩხრეკა სამართალდამცველებმა არ გარისკეს და, თუ ავტომობილს შეამოწმებდნენ, იქ გაცილებით მეტ ნარკოტიკს იპოვიდნენ.

მურმან დუმბაძე, რომელიც ნარკოტიკების სკანდალის მომენტში ქართლი ოცნების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ამტკიცებს, რომ ირაკლი ჭეიშვილი მანქანით სუბოქსინის გადმოტანის ამბავი სამართალდამცველებმაც იცოდნენ, თუმცა, ჭეიშვილის ხელი დააფარეს.

დუმბაძის განცხადებით, ოცნების წევრებს თავად შს სამინისტროს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა.

ირაკლი ჭეიშვილმა მედეა ვსაძისა და მურმან დუმბაძის წინაღმდეგ შეიტანა სარჩელი. ჭეიშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გადაწყვეტილებას მოსამართლე, სავარაუდოდ, მომავალ სხდომაზე გამოაცხადებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ ბოდიშის მოხდის საფუძველი ვერ დაინახა, სამართალდამცველებს მმართველი გუნდის ყოფილი წევრების ინფორმაციის გადამოწმება მოუწევთ.

დღის ამბები