18 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
მთავარი პროკურორის კანდიდატურა - მმართველი გუნდის წევრები შალვა თადუმაძის პროფესიონალიზმზე საუბრობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მთავარი პროკურორობის კანდიდატებზე საუბრობენ. ამ დროისთვის 15 კანდიდატია წარდგენილი.

ყველაზე რეალური შანსი, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, შალვა თადუმაძეს აქვს, რომლსაც მხარს სახელისუფლებო გუნდი უჭერს.

მმართველი გუნდის წევრები დღეს აცხადებდნენ, რომ გუნდში კანდიდატურებზე არ უმსჯელიათ, თუმცა, შალვა თადუმაძის პროფესიონალიზმზე ამახვილებენ ყურადღებას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ჯერ არ უსაუბრია.

„შალვაზე შემიძლია, ბევრი კარგი რამ გითხრათ ახლა და ვისაუბრო მის ძალიან ბევრ პროფესიულ ღირსებაზე, მაგრამ არცერთ კანდიდატურასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია ჯერ,“ - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი თადუმაძის კანდიდატურაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის შეუპოვარი და პრინციპული ადამიანია, რასაც მისი პოზიციები ადასტურებს.

„ვაფასებ ზოგადად მის პოზიციებს, რომელი პოზიციებიც მას ჰქონდა, იგივე, 2012 წლამდეც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც დღეს შეიძლება იყოს წარმოდგენილი მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ ეს პოზიციები მას არ ჰქონოდა 2012 წლამდე, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რამდენად შეუპოვარია, რამდენად პრინციპულია ადამიანი,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისამდეა.

„მე ბევრი რამ მსმენია, მაგრამ, ერთია, როდესაც ჩვენ ვნახავთ საკონკურსო კომისიის შედეგებს. მე რამდენადაც ვიცი, 4 ივლისამდე აქვს ვადა. აქედან გამომდინარე, ვნახავთ. სიმართლე, რომ გითხრათ არ ვიცი, ვისზე რა განაცხადებია შესული. მითუმეტეს, ახლა დღეს შეიძლება ადამიანმა ისე შეიტანოს შენზე განაცხადი, რომ შენ თავად საქმის კურსში არ იყო, იმიტომ, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დღეს თანხმობას კანიდიდატის,“ - განაცხადა კახიშვილმა.

შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებს შორის არის შალვა შავგულიძეც, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ წარადგინა.

გარკვეული შანსები ექნება, სავარაუდოდ, ირაკლი ნადარეიშვილსაც, რომელიც პროკურატურაში ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

მთავარი პროკურორობისთვის, ამ დროისთვის, იუსტიციის სამინისტროში 15 კანდიდატურაა წარდგენილი. მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღება დასრულდება, პროცესში იუსტიციის მინისტრი და საპროკურორო საბჭო ჩაერთვებიან, რომლებმაც სამი კანდიდატურა უნდა შეარჩიონ. ამის შემდეგ ერთი კანდიდატურა უნდა შეირჩეს და მთავრობას წარედგინოს.

თუ მთავრობა ამ კანდიდატურას მოიწონებს, ამის შემდეგ ის პარლამენტს უნდა წარედგინოს.

დღის ამბები