19 აპრილი 2024,   07:11
ვრცლად
გამომცემლობა "დიოგენე" განათლების სამინისტროს ინფორმაციის გაჟონვასა და საკონკურსო პირობების დარღვევაში ადანაშაულებს 

გამომცემლობა დიოგენე განათლების სამინისტროს საკონკურსო პირობების დარღვევასა და კონკრეტული სახელმძღვანელოს ლობირებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების 5-6 კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და უკვე დასკვნით ეტაპზეა.

დიოგენეს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მათი საკონკურსო წიგნი სამინისტროში გადაგზავნიდან ერთ თვეში კონკურენტების ხელში აღმოჩნდა მაშინ, როცა მის კონფიდენციალურობას კანონი იცავს.

შესაძლო კანონდარღვევის დეტალები ცნობილი დღეს სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებიდან გახდა.

დიოგენეში ამბობენ, რომ ამ ფაქტის შესახებ სრულიად შემთხვევით შეიტყვეს.

დიოგენეს წიგნის ერთ-ერთ თანაავტორს წვდომა აქვს კონკურენტ ავტორთა ჯგუფის გუგლ დრაივ სისტემაზე, სადაც ისინი ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ცვლიან. დიოგენეს საკონკურსო მასალებიც სწორედ ამ ჯგუფში აღმოაჩინეს.

აღმოჩნდა ისიც, რომ ამ ჯგუფის წევრია განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის და - ლალი გიგაური. გამომცემლობაში ვარაუდობენ, რომ სამინისტროდან კონფიდენციალურმა მასალებმა სწორედ ამ გზით გაჟონა.

დიოგენეში ეჭვობენ, რომ განათლების სამინისტრო ლალი გიგაურის წიგნს ლობირებს, რის შედეგადაც, წიგნმა ყველა კონკურენტი ჩამოიშორა და დასკვნით ეტაპამდე გავიდა.

ამ ბრალდებებს დღეს "ცილისწამება" და "აბსურდი" უწოდა მინისტრის მოადგილემ.

ლია გიგაური ამტკიცებს, რომ მისი და არცერთი საკონკურსო წიგნის თანაავტორი არ არის და საერთოდ არ იცის, რაზე საუბრობს დიოგენეს ხელმძღვანელობა.

დიოგენე კი კონკურსის დასრულებამდე გეგმავს პროკურატურას და სასამართლოს მიმართოს.

 

 

 

დღის ამბები