19 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
ხმაურიანი დაკავება და 14 წლის ბავშვის გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა - შსს-ის ცნობით, მოზარდი 80-მდე ქურდობაში მონაწილეობდა

სანაპიროზე 14 წლის მოზარდის დაკავებას მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის ჩხუბი მოჰყვა. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი იუსტიციის სახლის ცენტრალურ შესასვლელთან მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ოთხმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით მოზარდი ჯერ იუსტიციის სახლის კარიდან გამოიყვანა, თეთრი ფერის „შკოდაში“ ძალის გამოყენებით ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ უცნობ პირებს ბავშვისთვის არ განუმარტავთ, ვინ იყვნენ და სად მიჰყავდათ. მოზარდი ტიროდა და შველას პატრულს სთხოვდა, თუმცა, დაპირისპირებაში საპატრულო პოლიცია არ ჩარეულა. ფაქტის უშუალო მოწმეები ამბობენ, რომ ბავშვის აყვანის დროს პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

"სავარაუდოდ, შსს-ის თანამშრომლები მისცვივდნენ. ბავშვზე ძალადობდნენ. ბავშვი ღრიალებდა, ტიროდა, ყვიროდა, მანქანაში ძალადობით ჩატენეს," - აცხადებენ თვითმხილველები.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, მოზარდი, რომელიც ძალის გამოყენებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, 80-მდე მაღაზიის ქურდობაში მონაწილეობდა. ის დანაშაული წლების განმავლობაში ჩადიოდა.

პოლიციამ მოზარდის იდენტიფიცირება ბოლოს ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიის ძარცვის დროს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით შეძლო, ამიტომ ძალის გამოყენებით მისი დაკითხვაზე გადაყვანა გადაწყდა.

არასამთავრობო სექტორი მომხდარის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს. ბავშვთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ იუსტიციის სახლის პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები პოლიციამ დღესვე უნდა ამოიღოს.

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები