19 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
დევრიშაძის სკანდალი - ირაკლი აბესაძე განმარტებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ითხოვს

ევროპული საქართველოს  წარმომადგენელი, ირაკლი აბესაძე, სახელმწიფო ტენდერებში რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პაატა დევრიშაძის კომპანიების გამარჯვებას ეხმაურება.

ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ის, რაც ჯარს სჭირდება ყველაფერი, დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება, რომ წინდების და ჩანთების შესყიდვა ქვეყანას საფრთხეს არ აყენებს, აბსურდულია.

ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა განმარტავდეს, ვისთან აქვს საქმე სახელმწიფო უწყებებს, რასაც ის არ აკეთებს.

ირაკლი აბესაძე ეხმაურება ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებას, რომ მათ არ იცოდნენ, კონკრეტული კომპანიის მფლობელი ვინ იყო. ის ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლება რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთთან მოთანამშრომლე ან რუსეთის ინტერესების გამტარებლების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ერთი მხრივ, ჩვენ სუს-ის 2017 წლის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ და ისინი ვეღარ გაექცნენ ამ პრობლემას, ხაზგასმით პირველად დაფიქსირდა, რომ სერიოზული პრობლემაა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. სერიოზული პრობლემაა უცხოეთის სპეცსამსახურების მცდელობა, გააფართოონ საკუთარი გავლენის სფეროები პოლიტიკურ ორგანიზაციებზე და აი, ასეთ პირობებში, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში  ჯაშუშები იქნენ გათავისუფლებული, ფინანსდებოდნენ ის მედიასაშუალებები, ვინც რუსული პროპაგანდით იყვნენ დაკავებულები,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.  

ამავე თემაზე
დღის ამბები